ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არსებობს, მხოლოდ მაშინ, როდესაც სახელისუფლებო შტოები გადაწყვეტილების მიმღებები არ არიან. ანუ არ ხდება მაგალითად მთავრობის დამტკიცება, ან ვერ ხდება სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცება და ა.შ., - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკასთან“.

„პოლიტიკური კრიზისი საქართველოში არ არსებობს. ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის, უზრუნველყოფილია. ჩვენ მივიღეთ სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის განხორციელებაც ისტორიული პროგრესის მომცემი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის არაერთი მიმართულებით. საბოლოო ჯამში ამან უნდა უზრუნველყოს 40 მილიარდიანი ზრდა მომდევნო 4 წლის განმავლობაში.

სინამდვილეში კრიზისი არსებობს ოპოზიციაში, იმიტომ რომ ოპოზიცია მუდმივად ატყუებდა საკუთარ მხარდამჭერებს და დღეს ამიტომაც არის ოპოზიცია ასეთ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში. ისინი ფაქტობრივად ვერ ჩნდებიან და სალომე ზურაბიშვილს არიან ამოფარებული, მიუხედავად იმისა, რომ ის აქციებიც, ის რადიკალიზაციაც მათგან არის ორგანიზებულიც მართულიც და დასპონსორებულიც. სალომე ზურაბიშვილს ისე გაწირავენ, რომ წარბიც არ შეუტოკდება არც ერთ მათგანს.

რაც შეეხება 20 იანვარს, რომელსაც საქართველო კი არა მთელი სამყარო ელოდება, რადგან მშვიდობა ასეთი შელახული გლობალურ ჩარჩოში ძალიან დიდი ხანია არ ყოფილა, როგორც დღეს და ასეთი ფართომასშტაბიანი ომიც ევროპის შუაგულში შეიძლება ითქვას რომ მერე მსოფლიო ომის მერე არ ყოფილა. დღეს სუსტია მშვიდობა გლობალურ პროცესებში ეს უნდა ვაღიაროთ, ამიტომ 20 იანვარს სწორედ იმიტომ ელოდება მთელი ცივილური სამყარო, რომ ამ დღის შემდეგ მშვიდობა უნდა გაძლიერდეს სამყაროში. მშვიდობის გაძლიერება ავტომატურად ნიშნავს ჩვენს ქვეყანაში იმ რისკების განეიტრალებას, რაც დღეს მეორე ფრონტთან დაკავშირებით არსებობს და რაც ძალიან რეალურია ჯერ კიდევ და იქნება იქამდე, სანამ არ დასრულდება ომი. შეიძლება ამ ომის დასრულება 21 იანვარს არ მოხდეს, მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვართ 20 იანვრის შემდეგ სრულიად შეიცვლება სამყარო.

ღირებულებების თანხვედრა დღეს უკვე გამადიდებელი შუშის გარეშეც, ოდნავ ობიექტური დამკვირვებლის მხრიდანაც მარტივად იკითხება. იქნება ეს ტრადიციული ღირებულებების ერთგულება, გამჭვირვალობის პრინციპის დაცვა თუ სხვა მიმართულებები. სწორედ ეს საკითხები იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური თემები, რაც ამერიკულ პოლიტიკურ დღის წესრიგში იდგა. ეს ყველაფერი ჩვენ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ გვქონდეს პოზიტიური მოლოდინი. ეს მოლოდინი ნამდვილად არსებობს, გამყარებული არის კონკრეტული არგუმენტებით, და რაც უფრო გაძლიერდება მშვიდობა მსოფლიოში, მით უფრო გაძლიერდება მშვიდობა საქართველოში“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.