„რაც შეეხება პატიმრის სამკურნალოდ გადაყვანას საზღვარგარეთ, მსგავს პრეცედენტს საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს და, ბუნებრივია, ჩვენც პატიმარს ვერ გავიყვანთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, ბუნებრივია, დაცვის მხარესაც აქვს და ისინიც არ აჟღერებენ ამ მოთხოვნას; და ჩვენ მოწოდებებით ვერ ვიმოქმედებთ, ვიმოქმედებთ მხოლოდ და მხოლოდ კანონის ფარგლებში“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სამინისტროში გამართული ბრიფინგის დროს.
მინისტრის თქმით, უწყება მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად.
„ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რაც დადგენილია საქართველოში. საქართველოს კონსტიტუცია არის თითოეული ჩვენგანის, როგორც ჩემი, ისე თქვენი და საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის, რომელიც განსაზღვრავს ქვეყანაში ძირითად სამართლებრივ წესრიგს და მას ებმის მთელი დანარჩენი კანონმდებლობა. რაც იქნება გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით, ვიხელმძღვანელებთ მხოლოდ ამით“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადება ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე სხდომა დღეს, 27 იანვარს 12:00 საათზე განახლდება.
ხოლო "7 ნოემბრის საქმეში" ბრალდებული ექსპრეზიდენტის სასამართლო პროცესი 15 თებერვლამდე გადაიდო.
სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ პროცესს ვეღარ დაესწრება, რადგან მას რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა.
იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის ინფორმაციით, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, ცენტრ „ემპათიის“ მიერ გამოტანილი დიაგნოზები, როგორც ფსიქიატრიული, ისე გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური, არ არის სარწმუნო და უტყუარი და დასკვნა კანონით დადგენილი წესით სასამართლოს წარედგინება.