ჩვენს პარტნიორებს ზოგიერთმა ძალიან ბევრი შეურაცხყოფა მიაყენა, თუნდაც დღეს, იმ ცარიელი სკამებით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების მოედანზე, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ რუსთაველის თეატრში ევროპის დღისადმი მიძღვნილ კონცერტს "ქართული ოცნების" წარმომადგენლები არ დაესწრნენ.
„ძალიან რთულ გზას გავივლით ერთად და ჩვენი პარტნიორების დახმარებით. ჩვენ და თქვენ კარგად ვიცით, ვინ არის ჩვენი ქვეყნის მეგობარი, ვინ რა გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ დღეს აქამდე მოვსულიყავით და ვინ არის ამ ქვეყნის მტერი. ქვეყნებისთვის იგივე ხდება, რაც ადამიანებისთვის პიროვნულ ცხოვრებაში. ადამიანმა თუ არ იცის, ვინ არის მოყვარე და ვინ არის მტერი, ვერ გაარჩევს თავის გზას. იმისი მიუხედავად, რომ ჩვენ პარტნიორებს ზოგიერთმა ძალიან ბევრი შეურაცხყოფა მიაყენა, თუნდაც დღეს, ევროპის დღეს, იმ ცარიელი სკამებით, ამის მიუხედავად ჩვენ უნდა გავიაროთ ეს გზა ისე, რომ ჩვენ არ დავუშვათ, ვინმემ რამე პროვოკაციაზე წამოგვაგოს. არ უნდა დავუშვათ, რომ ვინმე რამე კონფრონტაციაში შეგვიყვანოს. როგორც აქამდე, მშვიდობიანად, ხალისიანად, იმედიანად მივდიოდით ამ გზაზე, ასევე უნდა გაგრძელდეს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.