დღეს, როგორც არასდროს, როგორც თავისუფალი ხალხი, მზად ვართ, რომ დავიცვათ ჩვენი მომავალი, დავიცვათ ის მოლაპარაკებები, რომლებიც საქართველოს კანდიდატის სტატუსს ეხება, განვავითაროთ ეს გზა,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის თეატრში ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
„ეს კვირა საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ აღვნიშნეთ აღდგომა, სიცოცხლის გამარჯვება სიკვდილზე. ამ კვირაში, ასევე, აღვნიშნავთ წმ. გიორგის ხსენების დღეს, სიკეთის გამარჯვებას ბოროტებაზე. ასევე, ჩვენ აღვნიშნავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. გარდა ამისა, აღვნიშნავთ ნაციზმზე გამარჯვების დღესაც. საქართველომ ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო ამ ბოროტების დასამარცხებლად. და ჩვენ აღვნიშნავთ ევროპის დღეს. ეს დღე განასახიერებს თავისუფლების გამარჯვებას ტირანიაზე, სიკეთის გამარჯვებას ბოროტებაზე, დამოუკიდებლობის გამარჯვებას იმპერიალიზმზე, ინდივიდუალური თავისუფლების გამარჯვებას სისტემაზე. სწორედ ამიტომ აღვნიშნავთ ევროპის დღეს, დღეს, რომელიც იზიარებს ფასეულობებს როგორიცაა თავისუფლება, ღირსება, ერთობა. ჩვენ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან თავისუფალ არჩევანს ვირჩევთ. ჩვენ გვწამს იმ ერთობის, რომელიც მოწოდებულია, წინ აღუდგეს ბოროტებასა და ომს და დაიცვას მშვიდობა. ჩვენ გვჯერა დამოუკიდებლობის, კანონის უზენაესობის, ჰუმანურობის და იმ სიკეთის, რასაც საკუთარი იდენტობის დაცვა და გაძლიერება ნიშნავს. ამ ყველა მიზეზის გამო, ჩვენ საკუთარ თავებს ვაიდენტიფიცირებთ, ქართველებად და შესაბამისად, ევროპელებად, ვიზიარებთ პროევროპულ ღირებულებებს. დღეს, როგორც არასდროს, როგორც თავისუფალი ხალხი, მზად ვართ, რომ დავიცვათ ჩვენი მომავალი, დავიცვათ ის მოლაპარაკებები, რომლებიც საქართველოს კანდიდატის სტატუსს ეხება, განვავითაროთ ეს გზა.
ქალბატონი ფონ დერ ლაიენი მართალია, საქართველო დღეს გზაჯვარედინზეა - ერთი მხრივ დგას ევროპული მომავალი, ხოლო მეორე მხრივ რუსული იმპერიალისტური წარსული. ხალხის უმრავლესობა, სამოქალაქო საზოგადოება, ნათლად აცხადებს, თუ სად ხედავენ თავიანთ მომავალს, ეს არის მშვიდობიანი, განვითარებული, პასუხისმგებლობით აღსავსე ევროპა. ეს არის გზა, რომელსაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქართული საზოგადოება მიუყვება - თვითგამორკვევა, თვითგამორკვევა და კიდევ ერთხელ, თვითგამორკვევა.
თუ სწორედ მახსოვს, ჩერჩილის სიტყვებია - არასოდეს დანებდეთ! არასოდეს დანებდეთ! არასოდეს დანებდეთ!“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.