არავინ აღარ და აღარასოდეს არ უნდა ჩართოს თავისუფალი სპორტსმენი პოლიტიკის მორევში. ტოტალიტარული რეჟიმის მახასიათებელია მიითვისოს სპორტსმენების გამარჯვებები, მიისაკუთროს მათი მედლები და წარმატებები და ეს ყველაფერი ვითომცდა მმართველი გუნდის დამსახურება იყოს. ეს მათი გამარჯვება კი არა - სპორტსმენებისა და მათთან ერთად, მთლიანად ქვეყნის გამარჯვებაა, ამიტომ ვიზიარებთ ყველა სიხარულსა და სიამაყეს, როცა ისინი საქართველოს დროშასა და ჰიმნს წარადგენენ მთელი მსოფლიოს წინაშე. - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ეს არის გზა გათავისუფლების, რომელიც უთუოდ გასავლელია. და ამ გზას ვერ გავივლით თუ არ შეეხება პოლიტიკურ სივრცეს: საბჭოთა გადმონაშთი სხვა რაა თუ არა ერთპარტიულობა, ერთი პარტიის მიერ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტისა და საჯარო სტრუქტურის მონოპოლია. საბჭოთა გადმონაშთია ბელადის და პარტიის ინტერესებზე სახელმწიფო ინტერესების დაქვემდებარება.
საბჭოთა გადმონაშთისგან უნდა გათავისუფლდეს ჩვენი მენტალობა და მეხსიერებაც; სწორედ ამ გათავისუფლებულ მეხსიერებაზე უნდა დაშენდეს ჩვენი მომავალი, რათა აღარასდროს დავუშვათ საბჭოთა წარსულის განმეორება. ამ ყველაფრის მთავარი დამცველი კი, თავისუფალი საზოგადოება და თავისუფალი აზროვნებაა - წნეხისგან, შიშისგან თავისუფალი - დამოუკიდებელი ადამიანი დამოუკიდებელ ქვეყანაში.
გაუმარჯოს დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოს!
გილოცავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს! " - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.