დავით სონღულაშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად ინიშნება. განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად მინდა, წარმოგიდგინოთ დავით სონღულაშვილის კანდიდატურა, მასაც არ სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა. მას აქვს ღრმა განათლება შესაბამის სფეროში, ბიზნესის, ეკონომიკის მიმართულებით, მას დამთავრებული აქვს კავკასიის ბიზნეს სკოლა და გრენობლის ბიზნესის უმაღლესი სკოლა. ის არის საერთაშორისო ბიზნესის მაგისტრი, ის გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრი უკვე მრავალი წელია. სხვადასხვა დროს იყო სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარე, მათ შორის ევროინტეგრაციის კომიტეტის, ის იყო დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, მანამდე ძალიან წარმატებულ საქმიანობას აწარმოებდა ასევე კერძო სექტორში, სახელმწიფო სამსახურში. დავით სონღულაშვილი არის პროფესიონალი და დარწმუნებული ვართ, რომ ის იქნება არაჩვეულებრივი მინისტრი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს გაიმართება. სადაც ახალი მინისტრთა კაბინეტი უნდა დამტკიცდეს.
პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყება და მას პარლამენტის უხუცესი წევრი, ლადო კახაძე გახსნის.
ცესკო-ს მიერ გაცემული დროებითი მანდატების საფუძველზე განხორციელდება ახლად არჩეული პარლამენტის წევრების რეგისტრაციაში გატარება.
ახალარჩეული პარლამენტის სხდომის დღის წესრიგში პირველი საკითხი არის პარლამენტის 150-ვე წევრის უფლებამოსილების ცნობა.
პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე აირჩევენ პარლამენტის თავმჯდომარესა და ვიცე-სპიკერებს, ასევე მოხდება კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევა.
ცესკო-ს ოფიციალური შედეგების თანახმად, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში ხუთი პოლიტიკური სუბიექტი მოხვდა.