საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ დეპუტატი ანრი ოხანაშვილი იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა
პრემიერის თქმით, ანრი ოხანაშვილი არის ერთ-ერთი საუკეთესო იურისტი საქართველოში და მას განათლება მიღებული აქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, კერძოდ გერმანიაში.
„ანრი ოხანაშვილს არ სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა, იგი გახლავთ ერთ-ერთი საუკეთესო, პროფესიონალი იურისტი საქართველოში. მას აქვს მიღებული ძალიან ღრმა განათლება ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და შემდეგ დამთავრებული აქვს მაგისტრატურა იენის უნივერსიტეტში, გერმანიაში და ასევე სადოქტორო დისერტაცია აქვს დაცული გერმანიაში, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში. ის 2017 წლიდან გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრი, წლების განმავლობაში, იკავებდა იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობას და ყველა მიმართულებით იყო ძალიან წარმატებული თავის საქმიანობაში. ანრი ოხანაშვილი გახლავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ძალიან კარგი იუსტიციის მინისტრი, მინდა წარმატებები ვუსურვო იუსტიციის სამინისტროში,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს გაიმართება. სადაც ახალი მინისტრთა კაბინეტი უნდა დამტკიცდეს
პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყება და მას პარლამენტის უხუცესი წევრი, ლადო კახაძე გახსნის.
ცესკო-ს მიერ გაცემული დროებითი მანდატების საფუძველზე განხორციელდება ახლად არჩეული პარლამენტის წევრების რეგისტრაციაში გატარება.
ახალარჩეული პარლამენტის სხდომის დღის წესრიგში პირველი საკითხი არის პარლამენტის 150-ვე წევრის უფლებამოსილების ცნობა.
პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე აირჩევენ პარლამენტის თავმჯდომარესა და ვიცე-სპიკერებს, ასევე მოხდება კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევა.
ცესკო-ს ოფიციალური შედეგების თანახმად, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში ხუთი პოლიტიკური სუბიექტი მოხვდა.