რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რაღაც კამპანიებით ჩრდილი მიაყენოს საარჩევნო პროცესებს, თუმცა იმდენად სუფთად მუშაობს მმართველი გუნდი, რომ ვერავითარ საბაბს ვერ პოულობენ ამისათვის, - ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ერთი კამპანიის აგორება სცადეს პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით, თუმცა ძალიან მალე გაცამტვერდა მათი არგუმენტები. ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ გაავრცელა ყალბი სიუჟეტი ID ბარათებთან დაკავშირებით, რაც შეეხებოდა რუსთავს და საბოლოო ჯამში, მტკიცებულებებით დადასტურდა ის, რომ სრული სიცრუე გაავრცელა კონკრეტულმა ჟურნალისტმა ამ ტელეკომპანიის მეშვეობით.
ასევე იყო მოხუცებულთა თავშესაფართან დაკავშირებით გავრცელებული ცრუ ინფორმაცია, საბოლოო ჯამში, რაც გავარკვიეთ, ამ ადამიანებს ხმის მიცემის უფლებაც კი არ აქვთ შესაბამის საარჩევნო ოლქში, აქედან გამომდინარე, აზრიც კი არ ექნებოდა მათთვის პირადობის მოწმობების გამორთმევას. ისინი ცდილობენ, რაღაც კამპანიებით ჩრდილი მიაყენონ საარჩევნო პროცესებს, თუმცა იმდენად სუფთად მუშაობს მმართველი გუნდი, რომ ვერავითარ საბაბს ვერ პოულობენ ამისათვის.
ჩვენ გვაქვს, დაახლოებით, 60 % რეიტინგი, ერთადერთი რაც ჩვენს ინტერესებში შედის, არის ის, რომ მშვიდად ჩავატაროთ ეს არჩევნები ბოლომდე, 26 ოქტომბრის ჩათვლით და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება ყველაფერი. როგორი პროვოკაციებიც არ უნდა დაგეგმოს რადიკალურმა ოპოზიციამ, სახელმწიფო დგას თავის ადგილზე, ჩვენი უსაფრთხოების უწყებები დგანან თავიანთ ადგილებზე და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ზომა იქნება მიღებული ნებისმიერი პროვოკაციის პრევენციისთვის,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.