არსებითად სიმბოლური დატვირთვა აქვს იმპიჩმენტს, თუმცა პრაქტიკული კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ კონსტიტუციის დამრღვევი და მოღალატე ადამიანი არ შეიძლება ასე ტოვებდეს პრეზიდენტის თანამდებობას, მას უნდა დაერქვას სახელი და იმპიჩმენტით დაერქმევა ე.წ. პრეზიდენტს - მოღალატე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, როგორც კი დასრულდება საპარლამენტო არჩევნები, მაშინვე გაიმართება გუნდში დისკუსია პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით.
„რეალურად, იმპიჩმენტს აქვს არსებითად სიმბოლური დატვირთვა, გამომდინარე იქიდან, რომ სალომე ზურაბიშვილს ისედაც გასდის ვადა, დაახლოებით, დეკემბრის ბოლოს. იმპიჩმენტი ითვალისწინებს ერთი თვით ადრე მისი თანამდებობრივი უფლებამოსილებების შეწყვეტას, ანუ იმპიჩმენტი განხორციელდება ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში. დეკემბრის ბოლოს, მას ისედაც გასდიოდა ვადა, შესაბამისად, დაახლოებით, მხოლოდ ერთი თვით იკვეცება იმპიჩმენტის საფუძველზე მისი უფლებამოსილება.
აქედან გამომდინარე, არსებითად სიმბოლური დატვირთვა აქვს იმპიჩმენტს, თუმცა პრაქტიკული კუთხით, არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ კონსტიტუციის დამრღვევი და მოღალატე ადამიანი არ შეიძლება ასე ტოვებდეს პრეზიდენტის თანამდებობას, მას უნდა დაერქვას სახელი და იმპიჩმენტით დაერქმევა ე.წ. პრეზიდენტს - მოღალატე.
ჩვენ გვაქვს საპარლამენტო მმართველობის სისტემა, შესაბამისად, მადლობა ღმერთს, სალომე ზურაბიშვილს ბევრი არაფრის გაფუჭება არ შეუძლია, იმპიჩმენტს აქვს მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა, კონსტიტუციის დამრღვევი და მოღალატე ადამიანი თანამდებობას უნდა ტოვებდეს იმპიჩმენტის წესით. ჩვენ, შეგნებულად, გამომდინარე იქიდან, რომ არ გვინდოდა პრეზიდენტის თანამდებობა გვექცია საპარლამენტო საარჩევნო კამპანიის ნაწილად, დისკუსიაც კი არ ყოფილა ამ თემასთან დაკავშირებით. როგორც კი დასრულდება საპარლამენტო არჩევნები, მაშინვე შედგება გუნდში დისკუსია და საზოგადოებას წარვუდგენთ პრეზიდენტობის კანდიდატს,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.