საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყველამ იცის მიზეზი, რის გამოც რუსეთმა 2022 წელს უკრაინაში ომი დაიწყო.
„მგონი, ყველამ იცის მიზეზი. მგონი, კარგად იცით, დარბაზმაც იცის. ერთ-ერთი მიზეზი იყო ნატო, ნატო-ს გაფართოება, ასევე ბევრი სხვა მიზეზი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, უსაფრთხოების ფორუმზე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ.
ღარიბაშვილს ასევე ჰკითხეს, მიაჩნია თუ არა, რომ ნატო-ს გაფართოება იყო ომის დაწყების პროვოცირება. პრემიერის თქმით, საკითხზე სპეკულირება არ სურს.
„არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც ციტირება მინდა რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა, გამხდარიყო ნატო-ს წევრი. ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.