მოცემულობა არის ასეთი - არის „ნაციონალური მოძრაობა“ და კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია, თუ გაერთიანება, რომელიც ლახავს ბარიერს, თუმცა, ამ ორ სუბიექტს ერთად აქვს დაახლოებით 20%-იანი რეიტინგი. ჩვენ გვაქვს დაახლოებით 60% რეიტინგი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა.
"არსებობს ედისონ რისერჩის“ კვიპროსის ცნობილი ფილიალი, რომელიც თავის კვლევებს აქვეყნებს. სხვათა შორის, თვითონ ოპოზიციის მხრიდან გახდა კრიტიკის საგანი ეს კვლევები. ისე მოხდა, რომ უკვე ერთმანეთი გააკრიტიკეს. ამის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ როცა კვლევას აყალბებ, იქ რაღაც ზომიერება მაინც უნდა გამოიჩინო. აქ ისეთი რაღაც დაწერეს, პერსონალური რეიტინგების ნაწილში მარგველაშვილი გაიხსენეს, რომელსაც 63% მიუწერეს, როცა საქართველოში არ ახსოვს 6,3%-ს, ვინ არის გიორგი მარგველაშვილი და ჰყავდა თუ არა ასეთი პრეზიდენტი როდისმე ჩვენს ქვეყანას. ასეთი მარტივი მანიპულაციებით არ შეიძლება სცადო ფონს გასვლა. რაც შეეხება პარტიულ რეიტინგებს, არის კონკრეტული პარტიები, რომლებსაც ათი და მეტი პროცენტით გაუზარდეს რეიტინგი. 2%-ის მაგივრად უწერია 12%.
დღეს ორი სუბიექტი ლახავს ოპოზიციიდან ბარიერს. ვიდრე დაიწყებოდა გაერთიანება, მანამდე იყო ერთი - მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ ლახავდა ბარიერს. ახლა არის ორი სუბიექტი, რომელიც ახერხებს დღევანდელი მოცემულობით ბარიერის გადალახვას. კონსოლიდაციის შემდეგ მეორე სუბიექტი გაჩნდა, ვისაც აქვს დღევანდელი მოცემულობით 5%-ზე მეტი. რეალურად ყველა „ნაცმოძრაობაა“, მათ ჰქვიათ ახალი სახელები. გინდა გერქვას „ახალი“, „ლელო“, „გახარია“, გინდა „ევროპული საქართველო“, ყველა ერთი პოლიტიკური სუბიექტია. მათ აკავშირებთ საერთო პატრონი. რეალურად, ეს არის მათი გამაერთიანებელი. აქედან გამომდინარე, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის მეორე ან მესამე პარტია. მოცემულობა არის ასეთი - არის „ნაციონალური მოძრაობა“ და კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია, თუ გაერთიანება, რომელიც ლახავს ბარიერს, თუმცა, ამ ორ სუბიექტს ერთად აქვს დაახლოებით 20%-იანი რეიტინგი. ანუ ჩვენ გვაქვს დაახლოებით 60% რეიტინგი, მათ დაახლოებით 20%. დანარჩენი იკარგება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც ვერ ახერხებენ ბარიერის გადალახვას. სამის მიღმა ყველა დანარჩენი სუბიექტის რეიტინგი არის 20%.“, - განაცხადა პრემიერმა.