ხელისუფლების ცვლილების ამოცანა განუზომლად დიდია წელს საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ვიდრე თითო მანდატისთვის ბრძოლა თვითმმართველობის არჩევნებზე გაისად,- ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„მივმართავ დღეს გამოკვეთილი 4 პლატფორმის ლიდერებს, რომ სერიოზული კონსულტაციები ჰქონდეთ იმ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებსაც ზოგს 10, ზოგს 20, ზოგს 40 ათასი ხმა აქვს ნამდვილად, რომ მათი სიით დე ფაქტო კოალიციაში ასეთი პარტიები აღმოჩნდნენ.
რაც შეეხება იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც დე ფაქტო ბლოკებში შეთავაზების მიუხედავად, კატეგორიულად იტყვიან, რომ არა, მე ცალკე გავდივარ და ცალკე უნდა გადავლახო 5-პროცენტიანი ბარიერი, ალბათ ბევრი მიწყენს, მაგრამ ჩამოვთვლი - ვერ გადალახავს საპარლამენტო გირჩი 100 ათასიან ბარიერს, არანაირი საფუძველი ამის არ ჩანს, ნეტავ, ვცდებოდე. ამიტომ მათი დღევანდელი საუბრები, რომ ჩვენ ცალკე გავდივართ, ეს რეალურად, ოპოზიციურ ამოცანას აზარალებს.
ვერ გადალახავს ბარიერს (ხო, ხო, ხო რა რისხვას დავიმსახურებ ახლა) „ევროპული საქართველო“, ერთი პროცენტის მიდამოებშია და 5-ჯერ მეტი ამ 10 თვეში არ ექნება.
ვერ გადალახავს „ლეიბორისტული პარტია“. ამიტომ, ამ ვითარებაში ეს ბაქი-ბუქი, რომ მე 5 პროცენტი მაქვს, არ აქვს. შემიძლია გავაგრძელო პარტიების ჩამონათვალი, რომლებიც ასევე არ არიან ხელისუფლების სატელიტები, მაგრამ ჩათვლიან, რომ ჩვენი ამოცანების გამო 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოვემზადები, ამიტომ ამ საარჩევნო კამპანიას გამოვიყენებ, ვინც ასე ფიქრობს, კონტრარგუმენტი მაქვს - გაუჭრელი ჯოკერია, რასაც ვეუბნები, რომ ხელისუფლების ცვლილების ამოცანა განუზომლად დიდია წელს საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ვიდრე თითო მანდატისთვის ბრძოლა თვითმმართველობის არჩევნებზე გაისად,“ - ამბობს ბერძენიშვილი.