სამწუხაროდ, მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, გვაქვს მოლოდინი, რომ პროვოკაციები გაგრძელდება მომავალშიც. იმ პირობებში, როდესაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ანუ ყველა მათი პარტია ერთად 30 პროცენტსაც ვერ აგროვებს, ისინი ორმაგად არიან მოტივირებული, რომ მოაწყონ ასეთი ტიპის პროვოკაციები ლიბერალური ფაშიზმის ტექნოლოგიების გამოყენებით, ისინი შეეცდებიან შექმნან აგრესიული საარჩევნო გარემო. თუმცა, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში. - ამის შესახებ მმართველი გუნდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განცხადება.
"26 ოქტომბრის არჩევნებს ფართოდ დააკვირდებიან საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები, მათ უკვე გაეგზავნათ შესაბამისი ოფიციალური მოწვევა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.
ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ პირველად ისტორიაში, ამომრჩეველთა 90 პროცენტზე მეტი რეგისტრაციას გაივლის და ხმას მისცემს ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით. ასევე, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით დაითვლება არჩევნების შედეგები. შესაბამისად, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ხარვეზები საარჩევნო პროცესში, რაც არჩევნების ძალიან მაღალ დონეზე ჩატარებას უზრუნველყოფს.
26 ოქტომბრის არჩევნებში ერთმანეთის პირისპირ წარდგება არსებითად ორი პოლიტიკური სუბიექტი -ეს არის „ქართული ოცნება“ და მეორე ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც რამდენიმე დისკრედიტირებულ პარტიას აერთიანებს.
შესაბამისად, 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება ერთგვარი რეფერენდუმი. ეს იქნება რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის, ლიბერალურ ფაშიზმსა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის, საქართველოს ბნელ წარსულსა და ქვეყნის ნათელ, ევროპულ მომავალს შორის.
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერით კიდევ ერთხელ, უკვე მეცხრედ გაიმარჯვებს საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი, რომლის მიღწევა მხოლოდ ღირსეული პოლიტიკით, მშვიდობის შენარჩუნებით და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებით არის შესაძლებელი." - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.