ჩვენ გავხსენით უკვე საარჩევნო კამპანია და აქტიურად ვემზადებით 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის. დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი საარჩევნო პოზიციები. მინდა შეგახსენოთ, რომ დღევანდელი მოცემულობით, „ქართულ ოცნების“ მხარდაჭერა არის დაახლოებით 60 პროცენტი, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს გარემოება არ გვაძლევს ჩვენ მოდუნების საშუალებას და უფლებას - ამის შესახებ მმართველი გუნდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
"მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, გვაქვს მოლოდინი, რომ პროვოკაციები გაგრძელდება მომავალშიც. იმ პირობებში, როდესაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ანუ ყველა მათი პარტია ერთად 30 პროცენტსაც ვერ აგროვებს, ისინი ორმაგად არიან მოტივირებული, რომ მოაწყონ ასეთი ტიპის პროვოკაციები ლიბერალური ფაშიზმის ტექნოლოგიების გამოყენებით, ისინი შეეცდებიან შექმნან აგრესიული საარჩევნო გარემო. თუმცა, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში.
26 ოქტომბრის არჩევნებს ფართოდ დააკვირდებიან საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები, მათ უკვე გაეგზავნათ შესაბამისი ოფიციალური მოწვევა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.
ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ პირველად ისტორიაში, ამომრჩეველთა 90 პროცენტზე მეტი რეგისტრაციას გაივლის და ხმას მისცემს ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით. ასევე, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით დაითვლება არჩევნების შედეგები. შესაბამისად, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ხარვეზები საარჩევნო პროცესში, რაც არჩევნების ძალიან მაღალ დონეზე ჩატარებას უზრუნველყოფს.
26 ოქტომბრის არჩევნებში ერთმანეთის პირისპირ წარდგება არსებითად ორი პოლიტიკური სუბიექტი -ეს არის „ქართული ოცნება“ და მეორე ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც რამდენიმე დისკრედიტირებულ პარტიას აერთიანებს.
შესაბამისად, 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება ერთგვარი რეფერენდუმი. ეს იქნება რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის, ლიბერალურ ფაშიზმსა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის, საქართველოს ბნელ წარსულსა და ქვეყნის ნათელ, ევროპულ მომავალს შორის.
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერით კიდევ ერთხელ, უკვე მეცხრედ გაიმარჯვებს საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი, რომლის მიღწევა მხოლოდ ღირსეული პოლიტიკით, მშვიდობის შენარჩუნებით და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებით არის შესაძლებელი." - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.