რაც შეეხება ლელოსა და ელისაშვილი გაერთიანებას, ეს უბრალოდ სერიოზული არ არის. რეალურად, არანაირი კონფიგურაციის პირობებში მათ არ აქვთ ბარიერის გადალახვის არანაირი შანსი, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა და მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მსგავსი გაერთიანებების მიზეზი მეტყველებს იმაზე, რომ ეს პოლიტიკოსები გარე დავალებებსა და დაკვეთებს ასრულებენ.
„ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები, პოლიტიკოსები არ არიან დამოუკიდებლები საკუთარ გადაწყვეტილებებში. არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ერთმანეთს ლანძღავდნენ უშვერი სიტყვებით, ერთმანეთის მიმართ იყენებდნენ ისეთ შეფასებებს, რომლებიც არაეთიკურიც იყო სხვადასხვა თვალსაზრისით და დღეს ეს პოლიტიკოსები არიან ერთად. ეს არის იგივე ხაზარაძე და გახარია, ხაზარაძე და ელისაშვილი, ზურაბიშვილი და გვარამია და ა.შ. ეს ადამიანები დღეს არიან ერთად, მაშინ როცა ერთმანეთს აფასებდნენ უკიდურესი სიტყვებით წარსულში.
რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანისთვის მორალურადაც მიუღებელი იქნებოდა გაერთიანება ისეთ ადამიანთან, რომელსაც მანამდე უშვერი სიტყვებით ლანძღავდი, თუმცა მათ უწევთ ამ მორალური ზღვრის გადალახვა ერთი მარტივი მიზეზის გამო - ისინი იღებენ დაკვეთას, დავალებას და მოქმედებენ სწორედ ამ დაკვეთებისა და დავალებების შესაბამისად. დამოუკიდებლები რომ იყვნენ საკუთარ გადაწყვეტილებებში, რა თქმა უნდა, ამას ვერ გააკეთებდნენ“, - განაცხადა პრემიერმა.