ხელის გულზე დევს გახარიას დანაშაულები, ის ცდილობდა, გარე დავალებების საფუძველზე დაეზიანებინა სახელმწიფოს ინტერესები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, გახარია უმძიმესი დანაშაულებს სწორედ დავალებების საფუძველზე სჩადიოდა.
„კიდევ ერთხელ შემიძლია ჩამოვთვალო რამდენიმე მთავარი დანაშაული, რაც მან ჩაიდინა. ეს იყო მესტიის სპეცოპერაცია, სადაც შეურაცხყოფილი დატოვა სპეცრაზმის წარმომადგენლები, ჩვენი პოლიციელები, მის მიერ დაგეგმილი სპეცოპერაციის გამო. მეორე იყო პანკისი, სადაც ზუსტად იგივე მოხდა. მესამე იყო ბასიანის სპეცოპერაცია, გახსოვთ, როგორ წარიმართა ეს მოვლენები. გახარია შეგნებულად ერთმანეთს უპირისპირებდა სახელმწიფოსა და ადამიანებს, სამართალდამცველებს და ახალგაზრდებს. ამას აკეთებდა სპეციალურად, შეგნებულად, გარე დავალებების საფუძველზე და რაც მან 20 ივნისს გააკეთა, როდესაც წყლის ჭავლი და გაზი არ გამოიყენა და მიიყვანა საქმე იქამდე, სადამდეც მიიყვანა, ეს არის მისი ერთ-ერთი უმთავრესი და უმძიმესი დანაშაული.
მისი დანაშაული იყო ასევე ჩორჩანა, დეტალებს აღარ გავიხსენებ. თითოეულ შემთხვევაში, ის ცდილობდა, გარე დავალებების საფუძველზე დაეზიანებინა სახელმწიფო ინტერესები, დაეპირისპირებინა ერთმანეთისთვის სამართალდამცველებს და ახალგაზრდები, ზოგადად სახელმწიფო და ადამიანები. ეს არის უმძიმესი დანაშაულები, რომლებსაც გახარია სჩადიოდა, სწორედ, დავალებების საფუძველზე, აქედან გამომდინარე, მისთვის ეპითეტი გარეწარიც კი არის ძალიან რბილი შეფასება,“- განაცხადა პრემიერმა.