ჩვენ არ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ დაიჭირონ აქტიური ანტირუსული პოლიტიკა და დაიწყონ ომი რუსეთის წინააღმდეგ - ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა „ტვ პირველის“ ეთერში გააკეთა გააკეთა.
„მკაფიო პოზიცია გვაქვს, რომელიც ზელენსკის არაერთხელ უთქვამს - უკრაინას აქვს თავისი ომი, რომელსაც აუცილებლად მოიგებს, არ ვითხოვთ არავის მონაწილეობას ამ ომში, არ ვითხოვთ არავისგან მეორე ფრონტის გახსნას.
ჩვენ არ გვინდა ეს - ჩვენ არ მოვუწოდებთ ამას საქართველოს მთავრობას. ჩვენ ვთხოვთ, რომ მათ გააცნობიერონ, რომ ამ ომს მოიგებს უკრაინა და ის პროცესები, ის კრიმინალური ანკლავები, რაც რუსეთის მიერ სხვადასხვა ქვეყანაშია შექმნილი, დაიშლება, განეიტრალდება და ამით ეს ქვეყნები იქნებიან მოგებულები. თუ ამ რეალობაში, დავუშვათ და მოიგო რუსეთმა, რუსეთი დაიწყებს ყველაფრის განადგურებას - პირველი, საქართველოს გაანადგურებს, დღევანდელი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის მიუხედავად, იმიტომ, რომ რუსეთი არ გთვლით თქვენ თავისუფალ ადამიანებად, საქართველოს არ თვლის თავისუფალ ქვეყნად, თვლის რომ საქართველო საბჭოთა კავშირის მონაა, აქედან გამომდინარე, არ შეიძლება დღეს იდგე რუსეთის ფედერაციის გვერდით,“ - ამბობს პოდოლიაკი.
პოდოლიაკის განცხადებით, საქართველოს ელჩის უკრაინიდან გამოძევება პოლიტიკური აქტია.
„უდავოა, რომ ჩვენ გვინდა სახელმწიფოების დონეზე იყოს გასაგები ჩვენი პოზიცია. სიტყვები საკმარისი არ აღმოჩნდა, ამიტომ მივმართეთ დემარშს. იმიტომ შევთავაზეთ საქართველოს ელჩს, რომ წასულიყო საქართველოში კონსულტაციებისთვის. ეს არის პოლიტიკური აქტი, ამით ვაჩვენეთ, რომ არ ვეთანხმებით საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას და ჩვენ ვეუბნებით საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტეთ ილაპარაკოთ უკრაინაზე შეურაცხმყოფელი ტერმინებით, შეწყვიტეთ საქართველოში რუსული პროპაგანდის ნარატივი, შეწყვიტეთ უკრაინაზე დეზინფორმაციის გავრცელება. არ შეიძლება ასე ექცეოდე ქვეყანას, რომელიც 16 თვეა, ებრძვის მსოფლიოს უდიდეს აგრესორს,“ - ამბობს პოდოლიაკი.