„ამ პროცესს სასამართლოსთან და, კონკრეტულად, დამოუკიდებელ მართლმსაჯულებასთან არანაირი საერთო არ აქვს, ყველაფერი წინასწარ არის დაწერილი „ოცნების“ პოლიტიკურ კაბინეტებში. მოსამართლეები, რომლებიც კითხულობენ და აჟღერებენ, მათი პოლიტიკური ჭანჭიკები, მათი პოლიტიკური პარტიის წევრები არიან. სამწუხაროდ, ასეთი მართლმსაჯულება გვაქვს საქართველოში." - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

"სააპელაციო სასამართლომაც გაამტყუნა მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, საქართველოს ისტორია გაამართლებს მას. ჩვენ არ გვაქვს საქმე სასამართლო გადაწყვეტილებასთან, საქმე გვაქვს ივანიშვილის დავალებების შესრულებასთან. ამ საქმეს არანაირი კავშირი არ აქვს სამართალთან, მაგრამ ქართველი ხალხი აუცილებლად გასცემს პასუხს. თემურ ჯანაშიასაც და, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილს ისტორია გაამართლებს. ეს თანხები რაშიც დაიხარჯა, 2013 წლიდან მოყოლებული, ანალოგიურად ხარჯავდნენ „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებიც, სხვადასხვა თანამდებობის პირები, ისევე როგორც სახელმწიფო დაცვის სამსახური, რისი გასაჯაროებაც რატომღაც არ სურს „ოცნების“ რეჟიმს. ყოველ ჯერზე ეს დოკუმენტები დარჩა და ეს არის წარმომადგენლობითი ხარჯები, რომლის განკარგვის უფლებამოსილებაც და პასუხისმგებლობაც ეკისრება სახელმწიფო უმაღლეს პირებს“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გზირიშვილმა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე, დააკმაყოფილა ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნა და  “სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეზე” მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტს,  მიხეილ სააკაშვილს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს თეიმურაზ ჯანაშიას ბიუჯეტში 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დააკისრა.