"შეიძლება მოინდომეს, რომ აქციები ორად გაიყოს, მაგრამ ვარწმუნებ ქოცებს, რომ ყველგან მოვასწრებთ, აქაც ვიქნებით და შემდეგ რუსთაველის გამზირზეც მივალთ აუცილებლად, მარშზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის უვიზო რეჟიმის გადარჩენას ემსახურება და მნიშვნელოვანია იქ ყოფნაც, მაგრამ მე მინდა მთავარი ვთქვა - იქიდან გამომდინარე, რომ ლევანის წინააღმდეგ არანაირი საქმე არ აქვთ, მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, ქოცები დაუბრუნდნენ თავის ბუნებრივ პოლიტიკურ წიაღს და საქმეს უთითხნიან სახელმწიფო გადატრიალების მუხლით, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. 

 საუკეთესო საბჭოთა ბოლშევიკურ ტრადიციებში, ეს არის ამათი რეალური პოლიტიკური სახე როგორ დევნიან და როგორ ცდილობენ, რომ დაჩაგრონ, იზოლაციაში მოაქციონ თავისი პოლიტიკური ოპონენტები, რადგან სათქმელი არაფერი არ აქვთ, 13 წელია მათ არაფერი უკეთებიათ, ერთადერთი მთავარი იარაღი - პოლიტიკური მართლმსაჯულება, რაც მათ დარჩათ ხელში, ამას იყენებენ ლევანის წინააღმდეგ თავისი მარიონეტი პროკურორების და მოსამართლეების ხელით.

ერთი და იმავე მოსამართლეზე განჩინების გაცემაც და ამ საქმის დაწერაც უკანონოა, როგორც ჩანს ეს მოსამართლე ჰყავთ გამზადებული ყველაფერზე ხელის მოსაწერად და ბარემ ამას შეკიდეს მთელი ეს პოლიტიკური ტვირთი.“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ნაციონალური  მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დააკავა. 

"იგი დაკავებული იქნა სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025 წლის 11 სექტემბერს და წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის (ფულის გადაცემის) დაპირებას, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.

გარდა ზემოაღნიშნული ბრალდებისა, ამავე საქმეზე დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. ბრალდებული 2025 წლის ივნისიდან, სატელევიზიო ეთერებიდან და სოციალური ქსელის საშუალებით მოქალაქეებს სისტემატიურად მოუწოდებდა ისეთი ქმედების ჩადენისაკენ, როგორიცაა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა, რისთვისაც განსაზღვრავდა კონკრეტულ თარიღსა და ადგილს“, – განაცხადეს საქართველოს პროკურატურაში.