„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ამერიკელ სენატორ ჯინ შაჰინთან შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს განიხილავენ.
როგორც მან აღნიშნა, განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომლის ავტორიც ცისკარიშვილის თქმით, სინამდვილეში, სწორედ „ქართული ოცნებაა“.
„ამ შეხვედრაზე ჩვენგან ხატია დეკანოიძე იქნება. ძალიან მნიშვნელოვან და ქვეყნისთვის კრიტიკულ მომენტში სენატორი ჯინ შაჰინი ჩამოდის და გვიხარია, რომ შესაძლებლობა გვაქვს მას მოვახსენოთ ჩვენი პოზიციები ქვეყანაში მიმდინარე სიტუაციასთან დაკავშირებით. ის, რომ საქართველო რკინის ფარდის აღმოსავლეთით არ აღმოჩნდეს, ანუ რუსეთის მხარეს. საგარეო ვექტორის ძალიან რადიკალური და სამწუხარო ცვლილება სახეზეა, რასაც ჩვენი ამერიკელი კოლეგები და პარტნიორები ხედავენ, გრძნობენ და ჩამოდიან, სწორედ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ესეც არის. ერთ-ერთი განსახილველი საკითხი აუცილებლად სენატორ შაჰინთან შეხვედრის დროს ის კანონპროექტი იქნება, რომელიც ე.წ. "ხალხის ძალამ" შემოიტანა, რომელიც სინამდვილეში "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული კანონპროექტია“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.
სენატორი საქართველოში დღეს ჩამოვიდა, იგეგმება შეხვედრები ოპოზიციის წარმომადგენლებთან.