მთავარი საკითხი იყო მიშა სააკაშვილის საკითხი, ასევე ნიკა გვარამიაზე ვისაუბრეთ, ვისაუბრეთ ძალიან მკაფიოდ და კონკრეტულად, რომ ისინი არიან პოლიტიკური პატიმრები, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„მიშას შემთხვევაში მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, შეიძლება გარდაიცვალოს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულ სიტუაციაშია, შეიძლება უბრალოდ მოკვდეს, ეს ავუხსენით ქალბატონ ბერბოკს. მას ჰქონდა ამომწურავი ინფორმაცია ამ საკითხზე. ასევე ვისაუბრეთ ევროკავშირის ეგიდით პოლონელი ექიმების ჩამოსვლასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
ცისკარიშვილის განცხადებით, ანალენა ბერბოკმა გაიგო ქართველ ხალხს რა უნდა, საით მიისწრაფვის, მაგრამ ასევე ამბობს, რომ „მარტო ხალხს ვერ მივიღებთ, მთავრობა უნდა ახორციელებდეს რეფორმებს“.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალბატონმა ბერბოკმა მოგვისმინა ჩვენც, ოპოზიციასაც, მანამდე შეხვდა სამოქალაქო სექტორს, სტუდენტებს და ფაქტობრივად გაიგო ჩვენი ხმა, ქართველ ხალხს რა უნდა, საით მიისწრაფვის, მაგრამ ასევე ამბობს, რომ მარტო ხალხს ვერ მივიღებთ, მთავრობა უნდა ახორციელებდეს იმ რეფორმებს, რაც აუცილებელია, ქვეყანა უნდა იყოს მთლიანად უფრო დემოკრატიული. პოლიტიკური კლიმატი უნდა იყოს აბსოლუტურად განსხვავებული, ვიდრე დღეს არის: მეტი დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა, მართლმსაჯულება არ უნდა ედოს ჯიბეში ბიძინა ივანიშვილს, არჩევნებს არ უნდა აყალბებდნენ, ეს გარემო უნდა იქმნებოდეს, ამაზე ვისაუბრეთ, მანაც თქვა, ჩვენც ვთქვით“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.