„მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის ივანიშვილის რეჟიმის მმართველობა უკვე ნათელია და სენატში განხილვებიც იმას გვეუბნება, რომ აშშ-თან და მთლიანად დასავლეთთან ამ მთავრობას აღარანაირი რესურსი აღარ აქვს ურთიერთობების აღსადგენად. ამიტომ ახლა ჯერი ჩვენზეა, უნდა შევცვალოთ ხელისუფლება და აღვადგინოთ აშშ-თან და ევროკავშირთან სტრატეგიული პარტნიორობა.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა სენატში საქართველოს საკითხის განხილვაზე
„სენატში განხილვები გვეუბნება ერთ მთავარ ამბავს, რომ შეერთებულ შტატებთან და მთლიანად დასავლეთთან სამწუხაროდ ამ მთავრობას აღარ აქვს რესურსი, რომ აღადგინოს ურთიერთობები და გადავიდეს პარტნიორულ სტრატეგიულ კავშირებზე, რადგან მათთვის უკვე ნათელი გახდა ყველაფერი. ბოლო ორი წლის განმავლობაში თავს ესხმიან, საჯაროდ აკრიტიკებენ, ლანძღავენ როგორც ევროპულ მთავრობებს და ბრიუსელს, ასევე ვაშინგტონს და შეერთებული შტატების ადმინისტრაციას. აქედან გამომდინარე, ისინი გვეუბნებიან - არ მოტყუვდეთ, „ქართულ ოცნებას“ ჩვენთან კარგი ურთიერთობის ქონის რესურსი უბრალოდ აღარ აქვს, რადგან ესენი როდესაც გამოდიან ამ ლანძღვა-შეტევების შემდეგ, ამბობენ რომ ჩვენ 2030-ში მაინც შევალთ ევროკავშირში. ამ ტყუილის არ დაიჯეროთ ხალხო და ამას გვეუბნება ყველა ის ინიციატივა, კანონმდებლობა, რომელსაც მათ შორის იღებენ ვაშინგტონშიც. მეორეს მხრივ მათი დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს, ქართველი ხალხის მიმართ არის განსხვავებული, რადგან მათ იციან ჩვენი მისწრაფება, იციან რა არის ჩვენი ისტორიული და პრინციპული მისია, რომ ეს არის ევროატლანტიკურ სივრცეში სრულუფლებიანი წევრობა და აქედან გამომდინარე, ქართულ სახელმწიფოს ყოველთვის დაეხმარებიან. ჯერი ჩვენზეა, გადაწყვეტილება ქართველი ხალხის მისაღებია და 26 ოქტომბერს უნდა გაფორმდეს ეს გადაწყვეტილება დემოკრატიული კოალიციური მთავრობით და აღვადგენთ იმ ურთიერთობას, რაც გვქონდა აშშ-თან და ევროკავშირთან.“- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა