პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის რვა წევრის დეპუტატის უფლებამოსილება სცნო.

კენჭისყრაზე დადგა დადგენილების პროექტი, რომელიც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განიხილა და  პარლამენტის გამოკლებული წევრების ნაცვლად, მათი ადგილმონაცვლეების უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა.

კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტს რვა ახალი წევრი შეემატება. დავით მათიკაშვილის განმარტებით, თითოეულ ადგილმონაცვლესთან დაკავშირებით, კომიტეტის მიერ მოკვლევა ჩატარდა. კომიტეტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან მიიღო  შესაბამისი განკარგულებები დოკუმენტაციასთან ერთად, რომელიც ადასტურებს ამ პირთა  უფლებამონაცვლეობაზე სამართლებრივ მზადყოფნას.

კერძოდ, პარლამენტის გამოკლებული წევრის ბიძინა ივანიშვილის ადგილმონაცვლე იქნება ლევან მაჭავარიანი, ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლე -  არჩილ გორდულაძე, ირაკლი ღარიბაშვილის ადგილმონაცვლე - სალომე ჯინჯოლავა, მაკა ბოჭორიშვილის ადგილმონაცვლე - თორნიკე ბერეკაშვილი,  მარიამ ქვრივიშვილის ადგილმონაცვლე - თორნიკე ჭეიშვილი, ანრი ოხანაშვილის ადგილმონაცვლე - პაატა სალია, მიხეილ ყაველაშვილის ადგილმონაცვლე - გიორგი გუგუჩია და დავით სონღულაშვილის ადგილმონაცვლე - ირაკლი ჭეიშვილი.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს შესაბამის დასკვნებს.

საკითხს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს.