როდესაც რუსული აგრესიიდან ერთი წელი სრულდება, მთელი მსოფლიო სოლიდარულია უკრაინის მიმართ, ბელარუსს და რუსეთს არ ვგულისხმობ, ამ დროს საქართველოს დელეგაცია არ ჩადის -  „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„შალვა პაპუაშვილი ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში უკრაინაში ჩავიდა. ის განცხადებები უკვე გაკეთებული იყო, რასაც ეფარებიან. ამის მერე რა შეიცვალა? პირიქით, დასავლური მხარდაჭერა აშკარა გახდა, იმ ტექნიკასა და შეიარაღებაზე, რაზედაც თავს იკავებდნენ, იმასაც აძლევენ უკრაინას. მიუნხენის სამიტზე გააკეთა განცხადება, რომ რუსეთს გამარჯვების უფლება არ აქვს, ამ დროს საქართველო ვის მხარეს არის?

დავუჯეროთ ირაკლი კობახიძეს და ვთქვათ, რუსეთს აქვს პროგრესი. თუ რუსეთი იმარჯვებს ბოროტების მხარეს გადავდივართ. თუ რუსეთი იმარჯვებს მხარს ვუჭერთ უკრაინელი ბავშვების მკვლელობას. ეს რა ხელისუფლებაა, რა მორალია? რა მოიგო ამით საქართველომ, ფრენები? ხელისუფლებას იმის წარმოჩენა უნდა, რომ თუ ხელისუფლება უფრო არ წაიკუზება, რუსეთი გაღიზიანდება. კიდევ რა დაგვრჩა დასათმობი?“,- განაცხადა მანჯგალაძემ.