ძალიან მჭექარე განცხადებას აკეთებენ. ჩხრიალა გველივით არის, კუდს დაგანახებს, რომ ჩხრიალებს, ამ დროს თავი უნდა გაძვრეს და გადარჩეს, თავი „ქართული ოცნებაა“. "ხალხის ძალა" კუდები არიან ,- ასე გამოეხმაურა "პალიტრანიუსის" ეთერში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე „ხალხის ძალის“ დღევანდელ განცხადებას, რომ სააკაშვილის „პატრონები“, რომლებსაც მისი ლიკვიდაციის გეგმა შეიძლება ჰქონდეთ, ევროპარლამენტარები, აშშ-ს ყოფილი თანამდებობის პირები და „გარკვეული ძალები“ არიან.
„მარტო ჩხრიალისთვის არ ხდება ეს პროცესი. ამ ჯგუფის შექმნას და მათ განცხადებებს 3 მიზანი აქვს: ერთი, ანტიდასავლური განწყობის გაღვივება და კონსპირაციული თეორიები. მეორე მიზანია, ყურადღების მიქცევა. მჭექარე განცხადებებით ყურადღება გადავიტანოთ მათზე და მათ ვეპასუხოთ. მესამე, ეს ხალხი მართლა რუსული გზავნილებით არის დაკავებული.
სააკაშვილთან დაკავშირებით, რაც განაცხადეს საგანგაშოა. ისინი ხომ წინასწარ ამზადებენ ნიადაგს. დღესაც ვესაუბრე ექიმებს. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ნამდვილად მოწამლულია, როგორც დასტურდება. ამიტომ, სავალალო შედეგი რომ დადგეს, წინასწარ პრევენციას აკეთებენ. რუსეთს უკეთებენ ალიბს - „ჩვენ კი არ გავაკეთეთ, არამედ დასავლეთმა“,- განაცხადა მანჯგალაძემ.