პირდაპირ გეტყვით, ირაკლი კობახიძეს მივმართავ, როცა გაქებს გავრილოვი, მოსწონხარ ლავროვს, ასევე, სხვა რუს პროპაგანდისტებს ანუ მოსწონხარ მტერს, ეს ნიშნავს, რომ შენ უკვე უღალატე შენს ქვეყანას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ რუსეთთან ფრენების შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთმა საქართველოში ფრენები მას შემდეგ შეზღუდა, რაც ქართველებმა „გავრილოვის ღამეს“ ღირსებისა და თავისუფლების სურვილი გამოვხატეთ. ახლა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველომ დასავლეთის ზეწოლას გაუძლო და ფრენების აღდგენა დაიმსახურა. რა თქმა უნდა, ფრენების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ თუ ეს თავისუფლების ფასად უნდა დაგვიჯდეს, ასეთი ფრენები არაფრად ღირს. ეს რუსეთისგან არის ერთგვარი „ჯილდო“, რუსეთ-უკრაინის ომის განმავლობაში, ანტიქართული ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისთვის. ძალიან ცუდია, რომ ირაკლი კობახიძემ „გავრილოვის ღამის“ შემდეგ ვერ ისწავლა ჭკუა და ისევ გავრილოვის ჭკუაზე სიარული დაიწყო. პირდაპირ გეტყვით, კობახიძეს მივმართავ, როცა გაქებს გავრილოვი, მოსწონხარ ლავროვს, ასევე, სხვა რუს პროპაგანდისტებს, ანუ მოსწონხარ მტერს, ეს ნიშნავს, რომ შენ უკვე უღალატე შენს ქვეყანას. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ აღდგენილ ფრენებში უნდა გადავიხადოთ ჩვენი გეოპოლიტიკური არჩევანი, ეს საქართველოს არ უღირს.
მე, როგორც ვაკვირდები პროცესს, „ქართულ ოცნებას“ რეალობის განცდა დაკარგული აქვს და სანამ ხალხის მიერ ცხვირში მუშტი არ მოხვდებათ, ისინი გააგრძელებენ ამ მოღალატეობრივ პოლიტიკას. ჩვენ ამას მშვიდობიანი პროტესტით უნდა დავუპირისპირდეთ. არ გვაქვს დრო, რომ 2024 წლის არჩევნებს ველოდოთ. რუსებმა არა მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე შეიძლება ილაპარაკონ, არამედ შეიძლება თქვან, რომ თუ ნატოსა და ევროკავშირზე უარს ვიტყვით, მაგალითად, ახალგორში მიმოსვლას გაგვიმარტივებენ. ეს არის ფოჩიანი კანფეტები, რომლებიც არ უნდა ვიყიდოთ. ეშმაკისთვის სულის მიყიდვის გზა საქართველოს გაერთიანების გზა არ არის“, - განაცხადა მანჯგალაძემ.