გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას, სამინისტროს მიერ იმ წინგადადგმულ ნაბიჯებზე და გეგმებზე ისაუბრა, რომლებიც სამრეწველო სექტორიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებისთვის უმნიშვნელოვანესია.

„2022 წელს, სამინისტრომ აქტიურად გააგრძელა მუშაობა სამრეწველო საწარმოებიდან ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევების უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემების სრულად დანერგვის მიმართულებით. თითოეული სამრეწველო საწარმოსთვის შემუშავდა თვითმონიტორინგის სისტემის დანერგვის ინტერაქტიული გეგმა, რომლის მონიტორინგსაც უწყვეტად ვახორციელებთ. ამ ეტაპზე, დაახლოებით, 50-მდე აქტიური საწარმოდან ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებულია 20 მსხვილი საწარმო, დანარჩენი საწარმოების უმრავლესობაში კი, მიმდინარეობს ფილტრებისა და მონიტორინგის სისტემების მონტაჟის პროცესი. ჩვენი მიზანია, წლის ბოლომდე
ქვეყანაში მოქმედი ყველა მსხვილი სამრეწველო საწარმო იყოს აღჭურვილი თანამედროვე ფილტრებითა და ონლაინ მონიტორინგის სისტემებით, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა სამრეწველო სექტორიდან ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.


მინისტრმა ქალაქ რუსთავში ჰაერის ხარისხის მდგომარეობის გაუმჯობესების გზებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, სახელმწიფომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, როგორც ახალი რეგულაციების შემუშავების, ასევე მათი აღსრულების, კონტროლისა და ზედამხედველობის გაძლიერების კუთხით.


„აღსანიშნავია, რომ 2022 წელს დასრულდა რუსთავის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების პირველი სამოქმედო გეგმის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა. ჯამში, გეგმის აქტივობების 85%-ზე მეტი შესრულებულია.


ჰაერის ხარისხის მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემცირდა ქალაქში მყარი ნაწილაკებით დაბინძურების დონე. ციფრებით რომ ვისაუბროთ, ქალაქ რუსთავში მოქმედი 18 მსხვილი სამრეწველო საწარმოდან ონლაინ მონიტორინგის სისტემაში რეგისტრირებულია 10 საწარმო. 3-მა მოქმედმა საწარმომ კი, მიმართა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს და მიმდინარეობს სარეგისტრაციო პროცედურები. ეს ხაზგასმით წარმოაჩენს იმ რეგულაციების ეფექტიანობას, რაც მთავრობისა და პარლამენტის ერთობლივი ძალისხმევით დაინერგა და რამაც შედეგი უკვე გვაჩვენა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.