პრეზიდენტის, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდის მოქმედებებს თუ დავაჯგუფებთ და გავაანალიზებთ, ნამდვილად ვერ დაგვრჩება შთაბეჭდილება, რომ ქვეყნის ინტერესების ფარგლებში მოქმედებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.
„პრეზიდენტისვე რამდენიმე დღის წინანდელი განცხადებები და მოთხოვნა იყო იუსტიციის სამინისტროს მიმართ, რომ იუსტიციის სამინისტროს გაეგზავნა განაცხადი მოქალაქეობის შეჩერებასთან დაკავშირებით, გუშინ უკვე ვიხილეთ, რომ უარი თქვა მოქალაქეობის შეჩერებაზე. რა არის ამის მოტივაცია, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ვერსია შეიძლება ვთქვათ. რაც თვალნათელია, არის ის, რომ ოთარ ფარცხალაძე რჩება საქართველოს მოქალაქედ და, სამწუხაროდ, იმის მიუხედავად, რომ ის რეალურად რუსეთის მოქალაქეა, ამერიკის დაწესებული სანქციები პირველად მიემართება საქართველოს მოქალაქეს“, – განაცხადა წილოსანმა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ამ ეტაპზე ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა.