დღევანდელი დღე უმძიმესია თავისი დატვირთვით, შინაარსით, კიდევ ერთი მძიმე გასააზრებელი ფაქტი და რეალობაა, რომ 9 აპრილის მემორიალთან ყველა ადამიანს, ვისაც მისვლის სურვილი ჰქონდა, ხელი შეუშალეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„9 აპრილს ადამიანები შეეწირნენ დამოუკიდებლობის იდეას, თუმცა დღეს 9 აპრილის მემორიალი ოკუპირებული ჰქონდა პატარა ჯგუფს, ვინც ამ ქვეყანაში უცხო გავლენების დამკვიდრებისა და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაკნინებისთვის იბრძვის“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო, ამ ყველაფრისგან არ შეექმნა დღის წესრიგი, რომელიც ამ ადამიანებს სურთ და არ ყოფილიყო ეს ერთმანეთში განხეთქილების, დაპირისპირების, დაძაბულობის საწყისი, რაც იყო ძალიან რაციონალური და ძალიან სწორი გადაწყვეტილება.

„პრემიერ-მინისტრმა ძალიან ნათლად ახსნა, რომ დღევანდელ დღეს ისინი ემზადებოდნენ ყველანაირი პროვოკაციისთვის და ამისთვის შემზადებული იყო ფონიც, თემატიკაც და დაფინანსებაც მიღებული ჰქონდათ. პროვოკაციაა, როდესაც ადამიანებს და საზოგადოების რაღაც ნაწილს შორის აგდებ შუღლს და დაპირისპირებას, მათ შორის, იქ მისულ ადამიანებს, უბრალოდ, აფურთხებ სახეში, აგდებ იქიდან, გინდა, ამ სცენარის მიხედვით გააგრძელო და, მათ შორის, შენი ქვეყნის ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან მოხვიდე დაპირისპირებაში. ეჭვი მაქვს, ეს არის სცენარი, რომლისთვისაც მათ საკმაოდ მსუყე დაფინანსება მიიღეს და ამ ყველაფერსაც აუცილებლად მოევლება, გამოაშკარავდება. ფაქტი, რომ ჩვენ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა შემოვიღეთ, როგორც ჩანს, არ არის საკმარისი, რათა ამ ადამიანების დაფინანსებას სათანადო სიცხადე მიეცეს. იმედი მაქვს, გრანტების კანონში შესატანი ცვლილებები, რომლებიც აუცილებლად იქნება, მეტ ნათელ მოფენს და, რაც მთავარია, ისეთ მავნე გრანტებს აკრძალავს, რომლებიც სწორედ რომ საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას, სიძულვილის დათესვას ემსახურება“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

 შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს ოპონენტების და, მათ შორის, პროტესტის მონაწილეთა განცხადებებს, რომლებმაც სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივებაში ხელისუფლება დაადანაშაულეს და თქვეს, რომ 9 აპრილის მოვლენებზე ხელისუფლების განცხადებები არაადეკვატური იყო, ნახსენები არ იყო რუსეთი, რუსეთის საბჭოთა ძალები და ოკუპაცია, ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ ეს არის დემაგოგია.

„ვუსმენდი ჩემს წინა რესპოდენტს, თაზო დათუნაშვილს, ძირითადად, არ ვუსმენ ხოლმე მისნაირ ადამიანებს, მაგრამ ვუსმენდი და ვფიქრობდი, რამხელა დემაგოგია და რამხელა სარკაზმი უნდა გქონდეს, რომ პირდაპირ ემსახურებოდე რუსულ საქმეს, აკეთებდე ოკუპანტის საქმეს ამ ქვეყანაში და, მათ შორის, იყო იმ პარტიაში, რომლის ლიდერებიც, საგამოძიებო კომისიის მიმდინარეობას ვუყურებთ და „ნაცების“ რეჟიმიდან მოყოლებული, აკეთებდნენ ყველაზე დიდ ბოროტებას, როგორც გამოჩნდა და აღმოჩნდა. ამ ადამიანის პარტიის ლიდერები დადიოდნენ და სხვადასხვა ევროინსტიტუციას ეუბნებოდნენ, რომ საქართველოსთვის არ მიეცათ კანდიდატის სტატუსი და შეეჩერებინათ ვიზალიბერალიზაცია. ეს ადამიანი, მისი პარტია და ყველა იქ მდგომი, ვინც რაღაც კრებსითად მართლა „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიის მატარებელია, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ცალ ფეხზე დაეყენებინათ ერი და თურმე მისი გასაკრიტიკებელია ირაკლი კობახიძე, რომელმაც გადადო თავი თავისი ქვეყნისთვის და როგორც ამ ქვეყნის პოლიტიკურმა ლიდერმა, ყველაზე უმძიმეს დროს დაიცვა თავისი ხალხი. ამ ბატონს და მისი ასაკის თუ უფრო ახალგაზრდა ბიჭებს, ომში რომ არ იბრძვიან დღეს და უკრაინის მსგავსად განადგურებული რომ არ არის ქვეყნის გენოფონდი, მადლობას რომ უნდა ეუბნებოდნენ ირაკლი კობახიძეს და ჩემს თანაპარტიელებს, ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული და თითოეული ჩვენგანით დასრულებული, ყოფნით სითავხედე და ამ დემაგოგიას ეწევიან“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.