თუ პრეზიდენტს საქართველოსთვის მართლაც კარგის გაკეთება სურს და უნდა, რომ თავისი ვიზიტებით სარგებელი მოუტანოს, ეს მან კონსტიტუციურ ჩარჩოში გააკეთოს, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურაზე საუბრისას განაცხადა.
„არ ვიცი, რომელ სახელმძღვანელოში წერია, რომ ქვეყნის ინტერესების გატარება კონსტიტუციის დარღვევის გზით შეიძლება. ეს მართლაც გაუგონარი ამბავია და ვისურვებდი, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციურ ჩარჩოებს დაუბრუნდეს. თუ მას საქართველოსთვის მართლაც კარგის გაკეთება სურს და უნდა, რომ თავისი ვიზიტებით სარგებელი მოუტანოს, ეს მან კონსტიტუციურ ჩარჩოში გააკეთოს“, განაცხადა სამხარაძემ.
შეგახსენებთ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად უკვე 80 ხელმოწერა შეგროვდა. მისივე თქმით, პრეზიდენტი ორი დღის განმავლობაში დემონსტრაციულად არღვევდა კონსტიტუციას და ეს, იმპიჩმენტის დაწყების გარდა, სხვა გასაქანს არ ტოვებდა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 2023 წლის 7 სექტემბერს მოსახლეობას მიმართა და განაცხადა: " მე არსად არ მივდივარ, ჩემს გადადგომაზე ოცნება ყველამ უნდა დაივიწყოს. მე აქ ვარ, სადაც ვარ, მაგრამ მე ყველგან ვივლი, სადაც წასასვლელი ვარ. ეს არის ჩემი კონსტიტუციური ვალდებულება"
სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე დღის წინ გერმანიაში გაემგზავრა. ხოლო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: "31 აგვისტოს, ქალაქ ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ვიზიტით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იწყებს შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად."
მოგვიანებით კი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას უპასუხა, რომ სალომე ზურაბიშვილს უარი ეთქვა წლის ბოლომდე დაგეგმილ ყველა ოფიციალურ ვიზიტზე.