"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა მზია ამაღლობელი რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა. 

"პირველად შევხვდი მზიას და ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, აღმაფრთოვანებელი ადამიანია და ამ ქალის ციხეში ყოფნა ისეთი ნონსესია, რომ აღწერაც შეუძლებელია, მაგრამ მზია არის პირდაპირ ვიტყვი, წამების და არაჰუმანური მოპყრობის მსხვერპლი. ერთმნიშვნელოვანი ამბავია ეს. ადამიანი, რომელსაც არ დაალევინეს წყალი საათების განმავლობაში სწორედ დგებუაძის მითითებით, არ გაუშვეს საპირფარეშოში და მე ვკითხე, შემეძლო მეთქვა თუ არა ამ სიტყვებით, რომ - "არ გაუშვათ ტუალეტში, ჩაიფსას" - ბოდიში, მაგრამ ვიკითხე შემეძლო მეთქვა თუ არა. არ მოუყვანეს ადვოკატი და რეალურად, ადამიანი არის ღიად და მკაფიოდ საკუთარი საქმიანობის გამო პატიმარი, სინდისის პატიმარი და წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი." განაცხადა ნიკა გვარამიამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ. 

მზია ამაღლობელს ვუთხარი, რომ სჯობდა იქნებ შიმშილობის შეწყვეტა , მაგრამ მზიას პასუხი არის ცალსახა და მიმართვაც მისი კოლეგების მიმართ, რომ მისთვის ეს მოწოდებები ცოტა პრობლემატური და ტრავმულია. მთავარი, რაც მან ითხოვა, რომ ყველა დაუბრუნდეს თავისი მოვალეობის ზედმიწევნით შესრულებას" აღნიშნა ნიკა გვარამიამ.  

ცნობისთვის, 2025 წლის 14 იანვარს, ბათუმის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ნინო სახელაშვილი ინტერნეტ გამოცემა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა

მზია ამაღლობელს პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ბრალი წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

შეგახსენებთ, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის  ირაკლი დგებუაძემ განაცხადა:  "ყველა პირი, რომელიც დაკავდა ადმინისტრაციული წესით, არის დაკავებული სამართალდარღვევისთვის. კონკრეტულ მტკიცებულებებს წარმოვადგენთ სასამართლოში და იქ იმსჯელებს მოსამართლე, არაკანონიერად დავაკავეთ თუ კანონიერად. მზია ამაღლობელის დაკავების კადრები არსებობს რომელსაც თუ ნახავთ, თქვენ თავად გასცემთ ამ კითხვას პასუხს. ახლა კითხვებზე პასუხისგან თავს შევიკავებ, რადგან ჩემ მიმართ იყო მისი მხრიდან თავდასხმა, დანარჩენს სასამართლოში გავარკვევთ".