ჩვენ მხარს დავუჭერთ პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს. პოლიტიკურ სპექტრსა და პრეზიდენტს შორის შეთანხმების საგანია, იქნება ეს არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ, – ამის შესახებ კოალიციის, „ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტს მნიშვნელოვანი როლი აკისრია.
მისივე თქმით, კოალიცია „ცვლილებებისთვის“ სალომე ზურაბიშვილის ქარტიაზე ხელმოწერის ერთგულია.
„ჩვენ, კოალიცია „ცვლილებებისთვის“, მხარს ვუჭერთ ქართულ ქარტიას, რომლის სულისკვეთებასაც გამოხატავს საქართველოს პრეზიდენტი ტექნიკური მთავრობის, მე ვიტყოდი, გარდამავალი ადმინისტრაციის შექმნასთან დაკავშირებით. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მხარს დავუჭერთ მის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს, იქნება ეს არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ. ეს არის შეთანხმების საგანი პოლიტიკურ სპექტრსა და პრეზიდენტს შორის.
საქართველოს პრეზიდენტი არის ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც ასრულებს კონსტიტუციის 78-ე მუხლს და ცდილობს, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ხელისუფლებიდან ყველა სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირი ამ კონსტიტუციურ დებულებას არღვევს.
პრეზიდენტს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს, მათ შორის, არჩევნების კანონიერებაზე დაკვირვების კუთხით. ერთმა კლასიკოსმა, წარმოშობით უკრაინელმა თქვა, რომ ხელნაწერები არ იწვის, არც ხელმოწერები იწვის. ხელმოწერა როცა გაქვს დასმული დოკუმენტზე, ამ ხელმოწერას სჭირდება ერთგულება, სიტყვას სჭირდება ერთგულება. ამიტომ ჩვენ ერთგული ვართ ჩვენი სიტყვის და ხელმოწერის“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
კითხვის პასუხად ნიკა გვარამიამ განმარტა, რომ „არცერთ შემთხვევაში არ იქნება“ სალომე ზურაბიშვილის მიერ დასახელებულ სამთავრობო კაბინეტში.