პოლიტიკური სპექტრი თავისი გადაწყვეტილებებით მნიშვნელოვნად უკან არის, ვიდრე ხალხი, ამიტომ სინქრონიზაციაში უნდა მოვიდეს ხალხის პოზიციასთან პოლიტიკური სპექტრის მოქმედების შინაარსიც და დინამიკაც, – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრმა, ნიკა გვარამიამ ორბელიანების სასახლის დატოვების შემდეგ განაცხადა.

„ბევრად უფრო მნიშვნელოვნად გამოიკვეთა კონტურები, თუ რა მოქმედებები უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ სპექტრს. კვლავ ვამბობ, რომ პოლიტიკური სპექტრი არის მნიშვნელოვნად უკან თავისი გადაწყვეტილებებით, ვიდრე ხალხი. ეს არც ცუდია და არც კარგია, ეს მოცემულობაა. კარგია, რომ სინქრონიზაციაში უნდა მოვიდეს ხალხის პოზიციასთან პოლიტიკური სპექტრის მოქმედების შინაარსიც და დინამიკაც. ამ მხრივ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, რაც ძალიან კარგი და სწორია“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისი თქმით, თუ რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, პრეზიდენტი ისაუბრებს. თუმცა, ნიკა გვარამიამ განმარტა, რომ საუბარია  არჩევნების ჩანიშვნაზე, ჩატარების წესთან დაკავშირებით და „როგორ უნდა იყოს ეს გადაწყვეტილებები მიღებული, პროცესის ფორმალიზაცია“.

„თუ მხოლოდ იმაზე ვიფიქრებთ, „ოცნების“ მხრიდან რას რა რეაქცია ექნება, მაშინ ყველა გადაწყვეტილება ერთნაირი იქნება, ანუ არაფრის კეთება. „ოცნების“ მხრიდან ყველაფერს ექნება დესტრუქციული დამოკიდებულება“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.