ბურთს ვათრევთ წარმატებით, მაგრამ ახლა ბურთი უნდა გადავაგდოთ მოწინააღმდეგის მოედანზე. ნებისმიერი პროტესტი, რომელსაც დეფიციტი აქვს განშლის, დიდი ქალაქების მასშტაბით მაინც, ბოლომდე გამართული არ არის. ამიტომ, შეგვიძლია, რომ ხალხს, რომელიც რუსთაველზეა, შევეშვათ და დავეხმაროთ ხალხს, სადაც სჭირდებათ ჩვენი დახმარება, მაგალითად, რეგიონებში, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
ნიკა გვარამიას თქმით, ახლა გადაწყვეტილებების დროა.
„ახლა ბევრი დრო არ არის ფიქრისთვის. „ქართულ ოცნებას“ აქვს პრობლემა, ის სულს ღაფავს. პირდაპირი მნიშვნელობით ასეა, მაგრამ ბურთი არის ჩვენს მოედანზე. ბრძოლაში სისუსტეა, თუ დიდხანს ათრევ ბურთს. ბურთის დიდხანს თრევა, მატაობა მოგვწონს ქართველებს, მაგრამ აღარ არის მოდური არსებულ ფეხბურთში. რაღაც დროს ეს იქცევა დროის და შემდეგ ინიციატივის დაკარგვად. ამიტომ გადაწყვეტილებების დროა. ჩვენ არ გვჭირდება გადაწყვეტილებების მიღება პროტესტთან დაკავშირებით. ამ ქვეყნის მოსახლეობამ გადაწყვიტა, რომ ეს მისი გასაკეთებელია და აკეთებს. სწორია, მისი გასაკეთებელია და მხოლოდ ჩემი, თქვენი საქმე არ არის, ყველას საქმეა თანაბრად. რაღაც წვლილი შეიძლება, გვქონდეს, ვეხმარებოდეთ ვიღაცას და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არ არის ჩვენი პროტესტი. პოლიტიკური პროტესტია, მაგრამ არა პოლიტიკური პარტიების პროტესტი, არა პარტიული პროტესტი. ყველაფერი, რაც ქვეყანაში ცვლილებებს უკავშირდება, პოლიტიკურია, მაგრამ ყველაფერი პარტიული არ არის. ეს არის არაპარტიული, თუ ზეპარტიული პოლიტიკური პროტესტი. მე მაინც უფრო არაპარტიულს დავარქმევდი. ამ თვალსაზრისით ჩვენ დიდი ტვირთი არ გვაწევს, საერთოდ თუ გვაწევს. ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. ჩვენში ვგულისხმობ არა მარტო პოლიტიკურ ოპოზიციას, მათ შორის პრეზიდენტ ზურაბიშვილს და საზოგადოებრივ აქტორებს, რადგან ბურთი არის ამ მხარეს, ბურთს ვათრევთ წარმატებით, ლამაზად, ძალიან სიმპათიურად გამოვიყურებით, მაგრამ ახლა ბურთი აუცილებლად უნდა გადავაგდოთ მოწინააღმდეგის მოედანზე. ვფიქრობ, ნებისმიერი პროტესტი, რომელსაც დეფიციტი აქვს განშლის, დიდი ქალაქების მასშტაბით მაინც, ბოლომდე გამართული არ არის. ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია, შევეშვათ ხალხს, რომელიც რუსთაველზეა და დავეხმაროთ ხალხს, სადაც სჭირდებათ ჩვენი დახმარება, მაგალითად, რეგიონებში. ეს მნიშვნელოვანია, კერები უნდა იყოს ყველგან, უნდა იყოს მსხვილი კერები და არა ერთჯერადი, ორდღიანი კერები“, – განაცხადა გვარამიამ.
კითხვაზე, როგორ უნდა მოხდეს გაშლა, პოლიტიკური პარტიების მეტი ძალისხმევით?, გვარამიამ აღნიშნა, რომ ეს უნდა მოხდეს ადგილებზე მუშაობით.
„კი. როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ ხდება ხოლმე გაშლა, ადგილებზე მუშაობით. ყველა ქალაქს არ აქვს პროტესტის ტრადიცია, კულტურა. ეს ცუდი კი არ არის. მაგალითად, თელავი არის ძალიან ოპოზიციური ქალაქი, მაგრამ ქუჩაში გამოსვლის დიდი ტრადიცია არ აქვს. ვგიჟდები თელავზე, მაგრამ ასეთი ქალაქია. ბათუმი ასევე ძალიან კრიტიკული ქალაქია, მაგრამ ქუჩაში გამოსვლის დიდი ტრადიციაც აქვს. ჩვენ ხომ ჩვენს ქვეყანას და ხალს უნდა ვიცნობდეთ. პოლიტიკაში პირველი ტესტი ხომ ეს არის, იცნობ თუ არა შენს ქვეყანას და ხალხს. ჩვენ ხომ ვიცით, სუსტ წერტილს არ დავარქმევდი, სად არის ადგილი, სადაც შეიძლება, სიტუაცია უკეთესად განვითარდეს და სად არის ადგილი, სადაც უნდა შეეშვა, თუ, რა თქმა უნდა, შენი თავი არ მოგწონს პროცესში. პროცესი უნდა მოგვწონდეს ჩვენ და არა ჩვენი თავი ამ პროცესში. უნდა შეეშვა იმას, რაც მუშაობს ისედაც. ეს, ზოგადად, მართვის ანბანია, რომ რაღაც თუ მუშაობს, იმას უნდა შეეშვა. იმ რაღაცას თუ დასჭირდება დახმარება, ნებისმიერი სახის, იმას გავიგებთ, მაგრამ არსებობს წერტილი, რომელიც დაფარული არ არის პროტესტის რუკაზე. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს ასეა. ერთმანეთი არ მოვატყუოთ. არც იმაში გეთანხმებით, რომ ყველგან ისეთივე პროტესტია, როგორც თბილისში, ასე არ არის“, – განაცხადა გვარამიამ.
მისი თქმით, პროტესტს გაფართოება არ სჭირდება.
„პროტესტი არის ძალიან ფართო და მოიცავს საქართველოს მოსახლეობის ორ მესამედს. ქუჩაში ვინ დგას, არ დგას, ერთია. ქუჩაში დგომა არ არის პროტესტის ერთადერთი ფორმა. ვინც აქამდე არ გამოსულა, მე არ მჯერა იმათი გამოსვლის, მით უმეტეს ამაში პოლიტიკოსების ჩარევის, რადგან იმ ხალხს ძირითადად კომფორტის ზონა მოწყობილი აქვს იმით, რომ პოლიტიკოსი ყველა ცუდია. იქ კიდევ პოლიტიკოსი რომ გამოუჩნდეს, მეტი მიზეზი ექნება, რატომ არ გამოდის“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.