"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები საქართველოს პროკურატურას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიმართავენ.
“საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, პატიმრობის ან წინასწარი დაკავების ფაქტი არ წარმოადგენს იმის საფუძველს რომ ოჯახის წევრებთან, მათ შორის არასრულწლოვან შვილებთან, კომუნიკაცია და შეხვედრა შეეზღუდოს პატიმარს.
საქართველოს კონსტიტუცია, სასჯელაღსრულების კოდექსი, ბავშვთა უფლებების კოდექსი, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია უზრუნველყოფს ოჯახური ცხოვრების, მშობელსა და შვილის კავშირის და შეხვედრების უფლებას, ხოლო ნებისმიერი შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კონკრეტული, ინდივიდუალური და დასაბუთებული საფუძვლით, რაც არ არსებობს ლევან ხაბეიშვილის შემთხვევაში.
გაუგებარია ბავშვებთან კომუნიკაციის ან შეხვედრის აკრძალვა რას ეფუძნება ან/და რას ისახავს მიზნად. გარდა იმისა რომ ეს შეზღუდვა არის პოლიტიკური აქტი და იარაღი პოლიტიკოსის წინააღმდეგ
.
მოვითხოვთ უზრუნველყოთ ლევან ხაბეიშვილის არასრულწლოვან შვილებთან კომუნიკაცია, მათ შორის: სატელეფონო ზარები; ვიდეოკომუნიკაცია; წერილობითი მიმოწერა. ჩაინიშნოს და განხორციელდეს არასრულწლოვან შვილებთან შეხვედრა, როგორც ხანმოკლე, ასევე გრძელვადიანი პაემნის სახით, ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით.
კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ აღნიშნული საკითხი უკავშირდება ბავშვის საუკეთესო ინტერესს, ოჯახური ცხოვრების უფლებას და კანონმდებლობით გარანტირებულ მინიმალურ სტანდარტებს. ამიტომ
მოვითხოვთ სწრაფ რეაგირებას!
წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავთ ბავშვთა უფლებების დამცველ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს." - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ლევან ხაბეიშვილის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა პროკურატურაში ჩააბარეს და მიმართეს საქართველოს პროკურატურას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს.” - ნათქვამია ნაცმოძრაობის გავრცელებულ მიმართვაში.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო შამათავამ ლევან ხაბეიშვილისთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა და უცვლელად დატოვა 2025 წლის 13 ოქტომბერს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილის მიღებული გადაწყვეტილება.
სასამართლომ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილი პატიმრობაში დატოვა.
ლევან ხაბეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა.
საქართველოს პროკურატურის განცხადებით - "იგი დაკავებული იქნა სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025 წლის 11 სექტემბერს და წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის (ფულის გადაცემის) დაპირებას, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.
გარდა ზემოაღნიშნული ბრალდებისა, ამავე საქმეზე დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. ბრალდებული 2025 წლის ივნისიდან, სატელევიზიო ეთერებიდან და სოციალური ქსელის საშუალებით მოქალაქეებს სისტემატიურად მოუწოდებდა ისეთი ქმედების ჩადენისაკენ, როგორიცაა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა, რისთვისაც განსაზღვრავდა კონკრეტულ თარიღსა და ადგილს“









