რას აპირებთ ბაზალეთის ტბის გაქრობის მერე, აკვანში ჩაწოლილ ყმას სადმე მუზეუმში დადებთ, თუ რა გეგმა გაქვთ? – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე.
„ბატონო პრემიერო, როდესაც თქვენ საუბრობდით ტურიზმის განვითარებაზე, ახსენეთ მცხეთა, თუნდაც სტეფანწმინდა, მაგრამ არაფერი გიხსენებიათ ბაზალეთის ტბასთან დაკავშირებით. არადა, ტურისტებისთვის მარტო ჰაერი და წყალი არ არის, ლეგენდები ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ ან არ მოგეხსენებათ, რომ ბაზალეთის ტბა შრება, ერთ წელიწადში ორი მეტრით დაიხია უკან. როგორ ფიქრობთ, ხომ არ ემუქრება გაქრობა ბაზალეთის ტბასაც, ისევე როგორც საყდრისი გაქრა?
მაშინ საზოგადოება ანუგეშეთ, რომ არტეფაქტებს მუზეუმს გავუკეთებთო და ახლა ნეტა, რას იზამთ? ბაზალეთის ტბა ილია ჭავჭავაძის ლექსის მერე ჩვენი იდენტობაა. რა უნდა ქნათ ბაზალეთის ტბის გაქრობის მერე, თუკი არაფერს უშველით? იმ აკვანში ჩაწოლილ ყმას, რომელსაც ჩუმის ნატვრით ელოდება ქართველი, ამოიღებთ და სადმე მუზეუმში დასდებთ, თუ რა გეგმა გაქვთ? ანუ რა გეგმა გაქვთ ბაზალეთის ტბის გადარჩენისათვის“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.