მე მოუწოდებ აწ უკვე პრემიერ ბატონ კობახიძეს, აღარ გადადოს შეხვედრა დარგის სპეციალისტებთან ანუ ექიმებთან და ბატონი მდინარაძესავით პირს ნუ დაკუმავს და პასუხი გასცეს რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ექიმები და მედპერსინალის ლეგიტიმურ მოთხოვნებს და მართლაც მოინახოს ოპტიმალური გზა - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"რასაც ახლა ვიტყვი, ვამბობ თქვენს გასაგონად და პრემიერის გასაგონადაც. რუსთაველის პროსპექტს რანაირი აქცია არ უნახავს, რანაირი მიტინგი თუ მოთხოვნა, მაგრამ არც რუსთაველზე და არც არსად მთელს დედამიწის ზურგზე არავის არ ახსოვს თეთრხალათიანთა მსვლელობა/აქცია
ჩვენ ვნახეთ!..
ექიმები, რომელთა ეგზისტენციური ვალია ადამიანის გადარჩენა, ახლაც გადარჩენას ლამობენ თუ ითხოვენ თუ მოითხოვენ, - ძლივსღამფეთქავ რესპუბლიკური საავადმყოფოს გადარჩენას ითხოვენ. რესპუბლიკური საავადმყოფო სასიკვდილოდ გაწირა “ქართულმა ოცნებამ” და ჯანდაცვის მინისტრმა, რაღაც იმედი ჯერ კიდევ აქვთ ექიმებს პრემიერ კობახიძისა, რომელმაც ახალი მთავრობის დამტკიცებისას ამ ტრიბუნიდან დაპირება გასცა: ეს საკითხი გადაწყდება დარგის პროფესიონალებთან, ანუ ექიმებთან მჭიდრო კონსულტაციების გზითო და მოინახება ოპტიმალური გამოსავალიოდა ელიან ექიმები და იმედოვნებენ, რომ ამ კვირაში მაინც შეასრულებს პრემიერი კობახიძე დაპირებას და ჯერ შეხვდება ექიმებს და მერე მათთან კონსულტაციების შედეგად გადაწყდება გადასაწყვეტი- რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს შენარჩუნება და სიცოცხლის გაგრძელება მრავალჭირვარამ გამომლილი კლინიკისა, ბატონ მდინარაძესთან შეხვედრამ ვერავითარი შედეგი ვერ გამოიღო: გავერკვევი საკითხში და დაგიბრუნდევითო. ეტყობა, ჯერ ვერ გაერკვა და არც დაბრუნებია ექიმებთან შეხვედრაზე. ან გაერკვა და დასაბრუნებელი პირი ვერ მონახა…
პრემიერი თუ გადაწყვეტს, პრემიერი თუ მონახავს გამოსავალს, პრემიერთან შეხვედრა თუ ააღებინებს ხელს ექიმებს შიმშილობის აქციაზე. არ მოგესმათ. ექიმები შიმშილობას დაიწყებენ!კოვიდის დროს აივანზე რომ გადმოდგა მთელი ქვეყანა და ტაშს უკრავდა სამედიცინო პერსონალს, როგორც ტრიუმფალურად გამარჯვებულებს, სწორედ იმ სამედიცინო პერსონალს უკეტავს კლინიკას ხელისუფლება და სამშენებლო მოედნად აქცევს პაციენტებისათვის სასიცოცხლო პალატებს. ჩვენს ქვეყანაში ხომ ასეა: უკიდურესობამდე მიგიყვანენ ხან ონკოპაციენტებს, ხან აქინდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებს და ხან კლინიკის მედპერსონალს, სრულ უკიდურესობამდე მიგიყვანენ, ისეთ უკიდურესობამდე, დასაკარგი რომ აღარაფერი გაქვს და მერე იწყება მიტინგები, აქციები, შიმშილობები…
მხოლოდ ამის მერე ჩამოიტანს ჯანდაცვის სამინისტრო წამალს ბავშვებისთვის, მხოლოდ ამის მერე დაგპირდება მინისტრი ონკოპაციენტებს ყველა აუცილებელი ანალიზების დაფინანსებასაც და ზოგჯერ კი შეხვედრასაც დაპირდებიან პარლამენტის ტრიბუნიდან ოპტიმალური გზის მოსანახად. ზოგჯერ ასეც ხდება, რომ შიმშილობის აქციამდე დაგპირდება პრემიერობის კანდიდატი და მე მოუწოდებ აწ უკვე პრემიერ ბატონ კობახიძეს, აღარ გადადოს შეხვედრა დარგის სპეციალისტებთან ანუ ექიმებთან და ბატონი მდინარაძესავით პირს ნუ დაკუმავს და პასუხი გასცეს რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ექიმები და მედპერსონალის ლეგიტიმურ მოთხოვნებს და მართლაც მოინახოს ოპტიმალური გზა" - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.