თბილისის საკრებულოში  გამართულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა ნათია მოდებაძემ ქართველ ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა კიდევ ერთხელ გამოცხადებული ნდობისთვის და  უმრავლესობის წევრებს ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად  საკანონმდებლო ორგანოში წარმატებული მუშაობა უსურვა.

„ყველამ ვიცით, რომ  საქართველოში არჩევნები ჩატარდა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ნაცადი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, კენჭისყრის პროცესში  დაფიქსირდა ყველაზე ნაკლები რაოდენობის დარღვევა, რაც კი ოდესმე ყოფილა წინა არჩევნებზე. ამის მიუხედავად ოპოზიცია წაგებას ვერ შეეგუა, რომელიც წინასაარჩევნოდ ამომრჩეველს მოუწოდებდა აქტივობისკენ და ამბობდა, რომ გამორიცხულია ტექნოლოგიებით ჩატარებული არჩევნების გაყალბება.  დღეს აქციებს აწყობს, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოიპარეს.  წინასაარჩევნოდ ოპოზიციის მხრიდან  არაერთგზის გაჟღერდა, რომ არჩევნების შედეგების მიუხედავად,  არ აპირებდნენ მის აღიარებას. ეს ყველაფერი პირნათლად აჩვენებს იმას, რომ საერთოდ არ დაინტერესებულან  საარჩევნო პროცესით.  არც  საარჩევნოდ გაუმართავთ შეხვედრები ამომრჩეველთან.  იცოდით, რომ ამ ქვეყანაში არჩევნებს ვერ მოიგებთ, დასაწყისშივე ემზადებოდით ნოემბრისთვის, თუმცა ყველამ ერთად ვნახეთ, რომ  ეს ცდაც არ გამოგივიდათ.  ვერ შედგა საქართველოში რევოლუცია“,  -  განაცხადა ნათია მოდებაძემ.

როგორც ნათია მოდებაძემ საკრებულოს სხდომაზე აღნიშნა, ოპოზიციამ  საკუთარი ამომრჩევლის გაყვანა ვერ შეძლო აქციებზე და ამიტომ ორჯონიკიძისეული ხერხების გამოყენება გადაწყვიტა.

„თქვენი ქვეყნის ვაშინგტონში დასმენით   რა მიიღეთ?  მხარდაჭერა იქაც ვერ მოიპოვეთ.  არ  გაქვთ უფლება ქართველი ხალხის სახელით ისაუბროთ. თქვენ არ ითვალისწინებთ უმრავლესობის აზრს.  არ მოგცათ ამომრჩეველთა 54 %-მა ამის უფლება და კეთილი ინებეთ დაემორჩილოთ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას და აკეთოთ რეალურად ოპოზიციური საქმე და არა ის, რის მოწონებასაც თქვენს მხარდამჭერსაც ვერ აიძულებთ“,  -  განაცხადა უმრავლესობის წევრმა  ნათია მოდებაძემ.