თბილისის საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობის წევრი ნათია მოდებაძე ოპოზიციონერი კოლეგების განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბიუჯეტი უამრავ ნაწილში იზრდება, რასაც ოპოზიციონერები მხარს არ უჭერენ.
„განსაკუთრებულად უცნაურ გამოსვლებს ვისმენ დღეს ჩემი ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან და მინდა რამდენიმე შეკითხვა დავსვა დღევანდელ ბიუჯეტთან დაკავშირებით: ხან იმას გვსაყვედურობენ, რატომ ვერ ასაქმებთ ადამიანებსო, ხანაც - რატომ ასაქმებთ და ქმნით სამუშაო ადგილებსო, ბიუჯეტს ძარცვავთ, მაგრამ ნაშთი რატომ გრჩებათო. ურთიერთგამომრიცხავი კითხვებია. თქვენს დროს რომ მერი იყო, ის იმ ნაშთს სახლში წაიღებდა, როგორც სჩვეოდა.
არ გისაუბრიათ თემატურ ნაწილზე, რაზედაც უნდა ვსაუბრობდეთ. ჩვენ დღეს მხარს რომ ვუჭერთ, იმ ბიუჯეტის ნაწილით აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე 250 ბავშვი დაფინანსება. ამ რაოდენობამ კი მთლიანად ამოწურა მომლოდინე რეჟიმში მყოფი ბავშვები. არცერთი ბავშვი არ დარჩება მკურნალობის მიღმა. არაფერს საუბრობთ სოციალურად დაუცველი ბავშვების დაფინანსებაზე, ერთჯერად დახმარებებზე, მილიონობით გახარჯულ ლარზე, რომლითაც წამლები დაფინანსდა,
კულტურულ-სპორტულ მიმართულებებზე. უამრავ ნაწილში იზრდება ბიუჯეტი, რომელსაც დღეს თქვენ მხარს არ უჭერთ. მესმის, რომ თქვენთვის რთულია დადებით და პოზიტიურ ჭრილში საუბარი, მაგრამ თქვენს ამომრჩეველს ეცით პატივი და ტყუილს მაინც ნუ იტყვით ან ნურაფერს ნუ იტყვით საერთოდ. პატივი ეცით თქვენს ამომრჩეველს“, - განაცხადა ნათია მოდებაძემ.
როგორც ნათია მოდებაძემ აღნიშნა, უპრეცედენტოდ გაზრდილი ბიუჯეტი მოხმარდება ყველა იმ ადამიანს, რომელიც მხარს უჭერს როგორც პოზიციას, ასევე ოპოზიციას.
„თქვენს ამომრჩეველს უთხარით, რომ მხარს არ უჭერთ გაზრდილ ბიუჯეტს, რომელიც იმ ადამიანებს უნდა მოხმარდეს, რომლებმაც თქვენ აგირჩიათ. ასევე, თქვენი დაშლილი პარტია დარდობს იმას, თუ სად არის პრემიერი და პარტიის თავმჯდომარე. „ქართული ოცნება“ არ დაიშლება და 2024 წლის ოქტომბრის ბოლოს გექნებათ პასუხი იმაზე, თუ რას აკეთებს და კიდევ რამდენი წელი გააკეთებს „ქართული ოცნება“ ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ საქმეს“, - განაცხადა ნათია მოდებაძემ.