არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ „ოცნება“ მისი წინასაარჩევნო დარღვევების დაფარვისთვის სახალხო დამცველის გამოყენებასაც ეცდება. სახალხო დამცველი უკვე კომუნიკაციაშია საერთაშორისო დამკვირვებლებთან და ცდილობს მათ დარწმუნებას, რომ თითქოს მშვიდი და სამართლიანი საარჩევნო გარემოა, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის - შალვა პაპუაშვილის ბოლო დროინდელი ბრიფინგებით ცხადი ხდება, რომ „ოცნება“ ცდილობს ნიადაგი მოამზადოს სადამკვირვებლო მისიების შეფასებების არაღიარებისთვის.
ამ მიზნით „ოცნება“ ინტენსიურად და სისტემურად, სხვადასხვა პოლიტიკური თუ სამართლებრივი მექანიზმით, თავს ესხმის ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებს და ცდილობს მათ წარმოჩენას დაინტერესებულ მხარედ, რათა მათი დასკვნების არაღიარების ხელოვნური საფუძველი შეიქმნას.
ამავე მიზნით, „ოცნება“ ცდილობს დასავლეთი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებიც თითოეული ჩვენგანის არჩევანს გაყალბებისგან იცავენ, არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულოს.
ამ პროცესში ხელისუფლება აქტიურად იყენებს სხვადასხვა ფსევდო-დამოუკიდებელ სახელმწიფო უწყებას და პროპაგანდისტულ მედია საშუალებას. მისი ძირითადი საყრდენია „ოცნების“ კორუფციის მცველი - ანტიკორუფციული ბიურო და ცესკო, რომელიც სრულად „ოცნების“ პარტიული კადრებით არის დაკომპლექტებული. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ „ოცნება“ მისი წინასაარჩევნო დარღვევების დაფარვისთვის სახალხო დამცველის გამოყენებასაც ეცდება. სახალხო დამცველი უკვე კომუნიკაციაშია საერთაშორისო დამკვირვებლებთან და ცდილობს მათ დარწმუნებას, რომ თითქოს მშვიდი და სამართლიანი საარჩევნო გარემოა“,- განაცხადა მეზვრიშვილმა.