"ეს არ იყო შეცდომა, არამედ იყო მიზანმიმართული ქმედება, რასაც რადიკალური ოპოზიციის 6-თვიანი ბოიკოტი მოჰყვა," - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
ყაველაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაზე“ ისაუბრა და გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც 2020 წლის არჩევნების შემდეგ ორგანიზაციამ არასწორი წინასწარი დათვლის შედეგები გამოაქვეყნა, რასაც თითქოსდა გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ ოპოზიციის ბოიკოტი მოყვა.
„ეს იყო დანაშაული და პასუხი, რომ შეცდომა მოუვიდათ და ამით გაიმართლონ თავი, ეს შეუძლებელია. რადიკალურ ოპოზიციაზე რადიკალურები გახდნენ, თუ გახსოვთ 2022 წლის ზაფხულის მოვლენები, სადაც პოლიტიკურ სცენაზე ავიდნენ ეს ადამიანები და ხელისუფლების შეცვლას აპირებდნენ. სერგი კაპანაძე წლების განმავლობაში იყო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი. როგორ შეიძლება ის იყოს ნეიტრალურად აღქმული?“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.