მგონი, ღიმილის მომგვრელია, რა მიზეზით მოხდა დასანქცირება, არ მეგულება ჩვენს ქვეყანაში მოქალაქე რომ ამას სერიოზულად შეხედოს, არ ვიცი, რას შევადარო ის, რომ „იმედი“ და „პოსტივი“ განწყობებს აზიანებდნენ და ამის მიხედვით იქ იქმნებოდა ქაოსი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.
მისივე თქმით, უნდოდათ, ამ საკითხს დიდი რეზონანსი ჰქონოდა, მაგრამ საზოგადოება ძალიან მშვიდად შეხვდა.
ამასთან, როგორც ყავლეაშვილმა აღნიშნა, რეაგირება უნდა იყოს სამართლებრივად დასაბუთებული.
„ერთია, რომ ამას ღიმილით ვხვდებით, მაგრამ, მეორეა, ჩვენ ხომ ვიცით, რატომ აკეთებენ ამას. ეს არის გაგრძელება იმ ჯაჭვის, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ხორციელდება ჩვენს სახელმწიფოზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ხელისუფლებაზე, რიგით მოქალაქეებზე, მთლიანად ჩვენს ეროვნულ ინტერესზე. ეს არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რომ ეს ტელევიზიები რადგან საკმაოდ პოპულარულია და აქვს ნდობა საზოგადოებას, ბევრი იფიქრეს და გადადგეს ეს ნაბიჯი. თუმცა, „იმედის“ ნაბიჯი ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, რომ მთავარია, ჩვენი მაყურებელი, ჩვენი მოსახლეობა, მათი შეფასებები. ყველა ვხედავთ, როგორ მუშაობს ჩვენთან მედიასივრცე. „იმედი“ არის ერთ-ერთი წამყვანი ტელევიზია, „პოსტივიც“ იკრებს თავის რეიტინგებს და სხვა ტელევიზიებიც. იმ მიზეზით, რომ ასანქცირებ სხვა ქვეყნის მთავრობა საქართველოში მოქმედ მედიაკომპანიებს, ეს არის გაგრძელება, რაზეც ვისაუბრეთ. ჩვენი საზოგადოება იმდენად ინფორმირებულია, არ უკვირს, თუმცა, რეაგირება, პასუხის გაცემა აუცილებელია. ჩვენ ვიცით, რატომ კეთდება ეს, მთავარია, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ იცის, რატომ კეთდება, მომზადებულია ამ ინფორმაციისთვის, ამდაგვარი ნაბიჯებისთვის. იგივე იყო „ბიბისის“ ფილმიც, იგივე დანიშნულება ჰქონდა, რომ აქ გამოიწვიონ არეულობა, ჩვენი მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა. ეს პროცესი მიმდინარეობს, არ უნდა გაგვიკვირდეს.
ხომ გვახსოვს, მანამდე დაასანქცირეს შსს-ს, სასამართლოს მაღალი თანამდებობის პირები, ხელისუფლების წევრები, აღარ ვსაუბრობ, რომ ბიძინა ივანიშვილია დაანქცირებული. ამ ყველაფერმა ფასი დაკარგა. ჩვენთვის მთავარია, ინფორმირებული იყოს ჩვენი საზოგადოება, რატომ ხდება ეს, რას ემსახურება ეს სანქციები და ვის მიერ არის განხორციელებული. ერთია, რომ ბრიტანეთის მთავრობა მას ახმოვანებს, მაგრამ ვიცით, ის ჯგუფი, რომელიც ამ პროცესებში საკმაოდ დიდ ძალას წარმოადგენს, სხვადასხვა სახელებით მოვიხსენიებთ, „დიფ სთეითს“ და „გლობალურ ომის პარტიასაც“ ხშირად არქმევენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებში. ეს ძალები მოქმედებენ, ის ნაკადია, რომელიც დაიწყო ჩვენ მიმართ, როცა ომი დაიწყო უკრაინაში, მას შემდეგ, ეს ძალები სხვადასხვა საშუალებებით ცდილობენ, დააზიანონ ჩვენი სიმტკიცე, პრინციპულობა. პირდაპირი მოწოდება იყო, რომ ჩვენ ვყოფილიყავით აქტიური უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, გამოგვეჩინა მეტი ინიციატივა, მეტი აგრესია ჩრდილოელ მეზობელთან, სანქციებს შევერთებოდით და ვიცით, ამას რა მოჰყვება. ვიცით, როგორია ამ ომის შედეგები, ეს რომ არ განახორციელა ჩვენმა სახელმწიფომ, ეს პროცესი არ გაჩერებულა, კვლავ გრძელდება, ესეც სწორედ ამის მანიშნებელია. ეს ერთი სცენარის ნაწილია. კი უნდოდათ, დიდი რეზონანსი ჰქონოდა ამ საკითხს, მაგრამ ჩვენი საზოგადოება ძალიან მშვიდად შეხვდა ამ პროცესებს. ეს გამოწვევებია ჩვენთვის, უნდა გავუძლოთ, რეაგირება უნდა იყოს სამართლებრივად დასაბუთებული. ჩვენი საზოგადოება იყოს ინფორმირებული. მართლა სასაცილოა მიზეზები. დღეს უკვე აღარავინ მალავს, ამ ომთან დაკავშირებით ამერიკის პრეზიდენტი გამოვიდა და განაცხადა, ის რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, ეს ომი არ დაიწყებოდა. შემდეგ თავად უკრაინის ერთ-ერთმა მაღალმა ხელისუფალმა არახამიამ პირდაპირ დაასახელა, რომ ბორის ჯონსომა შეაჩერა სამშვიდობო პროცესი. როგორ შეიძლება „პოსტივის“ და „იმედს“ დააბრალო, თითქოს მათი ინიციატივით ხდება ამგვარი ინფორმაციის გაჟღერება. ხომ ყველა ვხედავთ, დღევანდელ რეალობაში, რამდენი რამ ითქმება და ვის მიერ. ვერ ბედავენ ამერიკის მაღალი თანამდებობის ამდაგვარ ქმედებას და ნახეს სუსტი წერტილი“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ტელეკომპანიები „იმედი“ და „პოსტივი“ დაასანქცირა.
როგორც სანქციების განმარტებაში წერია, „დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს: არსებობს გონივრული საფუძველი ეჭვისთვის, რომ „პოსტივი“ და „იმედი“ წარმოადგენენ ჩართულ პირს, რუსეთის სანქციების 2019 წლის რეგულაციების შესაბამისად, შემდეგი საფუძვლით: ავრცელებენ განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ. აღნიშნული ქმედება მხარს უჭერს ან ხელს უწყობს ისეთ პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს უკრაინაში, ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. კერძოდ, რეგულარულად ავრცელებენ ისეთს კონტენტს, რომლის მიხედვითაც, უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურები არიან, უკრაინა არის დასავლეთის „მარიონეტი“, უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა, უკრაინა და დასავლეთი ცდილობენ საქართველოს დესტაბილიზაციას“.










