სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შედეგად გამოირკვა, რომ ყოველთვის ხელისუფლების განცხადებები აღმოჩნდება ხოლმე მართალი და ოპოზიცია რასაც საუბრობს, არის ტყუილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
„სულ ასე ხდება, ოპოზიცია გამოაცხადებს ხოლმე, რომ რაღაც დრამატული მოვლენები ვითარდება ქვეყანაში, ძალიან მძიმე ფერებში ასახავენ, თითქოს რეალობას და მერე გამოდიან რომელიმე ყველაზე ავტორიტეტული სახელმწიფო დაწესებულებები ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების და აფასებენ სრულიად განსხვავებულად. ისინი ადასტურებენ, რასაც ამ ხნის განმავლობაში ხელისუფლება საუბრობს, რომ ის მიგნებები, რომელზეც არის ახლა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, ეს არის რეალობა საქართველოში. რომ არის, მაგალითად, ეკონომიკური მაჩვენებელი და მდგომარეობა გაუმჯობესებული, ბიზნესკლიმატი და ა.შ. შესაბამისად, ყველა ეს გარემოება ისე ლაგდება, რომ, პრაქტიკულად, ყოველთვის ასე ხდება, რომ ხელისუფლების განცხადებები აღმოჩნდება ხოლმე მართალი და ოპოზიცია რასაც საუბრობს, როგორც წესი, ყოველთვის არის ხოლმე ტყუილი. ასეთ დროს არავინ არ ადგება, მაგალითად, ოპოზიციის მხრიდან და ბოდიშს არ მოიხდის, მათ შორის, იმ მცდელობებზე, რომელიც ქვეყნის რეპუტაციის დაზიანებისთვის აქვთ ნამუშევარი ამ მიმართულებით. მაგრამ ამომრჩეველი ხედავს ყველაფერს ძალიან კარგად, რომ რეალობა აღმოჩნდება ხოლმე ის, რაზედაც საუბრობს ხელისუფლება. ზუსტად იგივე თემაა ამ შემთხვევაში სანქციებთან დაკავშირებით. ლობისტურ კამპანიებს წარმართავდნენ, ძალიან დიდ ფულს იხდიდნენ იმაში, რომ ქვეყნისთვის დაებრალებინათ ისეთი რამ, რასაც შეეძლო, შემდგომ ქვეყნის მიმართ გამოეწვია ანტაგონიზმი საერთაშორისო თანამეგობრობისა, მათ შორის სანქციები დაეწესებინათ ქვეყნისთვის და ა.შ. ამიტომ გააჩინეს გარკვეული მითები შავ ხვრელებთან დაკავშირებით, მანკიერ პრაქტიკებთან დაკავშირებით და სხვა“,- განაცხადა სარჯველაძემ.
მისივე თქმით, „ყველა ოპოზიციონერი თავს მოვალედ უნდა თვლიდეს, რომ აღიაროს ის, რასაც ამ ხნის განმავლობაში საერთაშორისო საზოგადოებას ატყუებდა“.
„ახლა ყველა ოპოზიციონერი თავს მოვალედ უნდა თვლიდეს, თუ ქვეყნის გულშემატკივრები არიან, რომ აღიარონ ის, რასაც ამ ხნის განმავლობაში ჩვენს საერთაშორისო საზოგადოებას ერთი ნაწილი უბრალოდ ატყუებდა, მეორე ნაწილი ამის მოტყუებაში ფულს ხარჯავდა შეგნებულად. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შედეგად გამოირკვა, რომ იყო ეს ყველაფერი ზოგან შეგნებულად, ზოგჯერ უნებლიეთ, მაგრამ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის წარუმატებელი, მაგრამ მაინც მცდელობები. ეს არის, რაზეც მუშაობდა ოპოზიცია მთელი ამ ხნის განმავლობაში.
რასაკვირველია, როდესაც მერე არჩევნებზე საზოგადოება უნდობლობით იქნება ოპოზიციის მიმართ განწყობილი, ეს სწორედ ასეთი ნაბიჯების შედეგია და არა იმისა, რომ სხვა მოვლენებს აქვს ადგილი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.