რაში გვჭირდება „ლელოსთან“ გაერთიანება, 24 საათი ტელევიზიებში სხედან და ლაპარაკობენ: “არ გავუერთიანდებითო“, ვინ ეხვეწება, ვინ სთხოვა?, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ პარტიულ რეიტინგებზე და საზოგადოებრივი აზრის კვლევების შედეგებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე განცხადებით, პარტიას „საქართველოსთვის“ „ლელოსთან“ გაერთიანების საჭიროება არ აქვს.
„როგორ წარმოგიდგენიათ ჩვენი და „ლელოს“ გაერთიანება? პირველი კითხვაა - რაში გვჭირდება მაგათთან გაერთიანება? 24 საათი ტელევიზიებში სხედან და ლაპარაკობენ, არ გავუერთიანდებითო. ვინ ეხვეწება, ვინ სთხოვა, რომ მოდი გამიერთიანდიო? დგანან და იფიცებიან, შანსი არაა ჩვენ მათთან არ გავერთიანდებითო და ვის უნდა მაგათთან გაერთიანება, ვინმემ სურვილი გამოთქვა? მეორე თემაა, რომ ამის საჭიროება არ გვაქვს. თუ ხედავ ადამიანი საჭიროებას, რომ ამის გარეშე პოლიტიკის მიღმა შეიძლება დარჩე, შეიძლება ეს ვარიანტი განიხილო, მაგრამ არ არის უბრალოდ ეს საჭიროება.
ადამიანები გამოდიან უსაფუძვლო, აბსურდული ბრალდებებით. ისეთ გაუგებარ კითხვებს სვამენ, რაც დასასმელი უბრალოდ არ არის. ამის შემდეგ „ლელოსთან“ როგორ უნდა გავერთიანდეთ?
ეს „ლელო“, კაცო, ჩამოყალიბდეს, ხან „ნაცებთან“ არიან, ხან არ არიან. ხან „ნაცმოძრაობის“ ყოფილ წევრებს იერთებენ. თვითონ ხომ უნდა ჩამოყალიბდნენ საერთოდ , რა უნდათ? ასეთ პარტიასთან, რომელსაც თვითონ ვერ გაუგია რა უნდა, რატომ უნდა გავერთიანდეთ?“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
მიხეილ დაუშვილის თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მთავარი არა ბარიერის გადალახვა, არამედ სტატუს ქვოს შეცვლა უნდა იყოს და „ნაცმოძრაობა“ და „ოცნებაც“ თამაშგარე უნდა დარჩნენ.
„ყველა კვლევაში ჩანს, რომ „ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ ერთად 50%-ს ვერ ცდებიან, გაცილებით ქვემოთ არიან., ეს არის ჩვენთვის შესაძლებლობა, რომ დანარჩენი მანდატები ავითვისოთ და ორივე დავტოვოთ თამაშგარე. ეს აბსოლუტურად მიღწევადია. მიზანი არის გაცილებით დიდი, ვიდრე პარლამენტში მოხვედრაა. მთავარია სტატუს ქვო შევცვალოთ“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.