ნიკა მელიას დაკავება იყო კანონიერი. დეტალებზე უახლოეს მომავალში ბევრს ვისაუბრებთ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
„სტრასბურგის სასამართლომ, ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რასაც ამდენი ხანია, ჩვენ ვამბობთ, და თქვა, რომ 2019 წლის 20 ივნისს იყო ძალადობრივი შტურმი სახელმწიფო ინსტიტუტზე, ჩადენილი იყო უმძიმესი დანაშაული. რა თქმა უნდა, ნიკა მელია იყო დასაკავებელი. ცხადია, დაკავება კანონიერი იყო, რაც სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა.
სრული პასუხისმგებლობაა „ქართულ ოცნებაზე“ იმაზე, რომ დღეს მელია თავისუფალია, უმძიმესი დანაშაული ამნისტირებულია, ისევე როგორც სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმი. მათ არ გაითვალისწინეს და არ შეისმინეს, როგორ და რა ფორმით უნდა მომხდარიყო ნიკა მელიას დაკავება. ჩვენგან კითხვა არასოდეს დასმულა, დაკავება იყო სწორი თუ არასწორი. რა თქმა უნდა, დაკავება იყო კანონიერი. დარწმუნებული იყავით, დეტალებზე უახლოეს მომავალში ბევრს ვისაუბრებთ“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ნიკა მელიას დაკავების საქმეზე ადამიანის უფლებათა კონვენციის მუხლების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.