ხუმრობთ, რომ შეიძლებოდა ეს ჩვენს თავზე მიგვეღო? ხაბეიშვილს და მარგველაშვილს გადაეცით, ერთმანეთს მიხედონ. ხაბეიშვილმა და მარგველაშვილმა უნდა გადაწყვიტონ, ვინ არის ნამდვილი ოპოზიცია? სერიოზულიც არ არის, სასაცილოა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილის განცხადებას: „ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა გაირკვეს, ვინ არის ნამდვილი და ვინ – თვითმარქვია ოპოზიცია“.
მანვე განმარტა, რატომ არ ესწრებოდა გუშინდელ აქციას პარტია „საქართველოსთვის“.
„გუშინდელი აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე იყო. ჩვენ ამ აქციაზე რა გვინდოდა, რა საქმე გვქონდა. რაც შეეხება აქციას, რომელიც ზეპარტიულ ეროვნულ თემებსა და სახელმწიფო ინტერესებს ეხება, არცერთი ასეთი აქცია არ ყოფილა, სადაც ჩვენ მონაწილეობა არ მიგვიღია. გუშინდელი აქცია რატომ ვერ შედგა, ორგანიზატორებს ჰკითხეთ, ამ თემის განხილვაში არ შევალ. ცნობილია, რატომ არ ენდობიან და ვის ენდობიან ჩვენი მოქალაქეები. „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ ზოგადად, ოპოზიციას ბოლო წლებია არ ენდობიან და ამის გამოც არის „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში. ეს სამწუხარო მოცემულობა და ფაქტია. ამას დასკვნების გამოტანა, თანმიმდევრულობა და ჩვენი მოქალაქეების დარწმუნება სჭირდება იმაში, რომ ჩვენ შეგვიძლია, ერთობლივად ვმართოთ ქვეყანა ისე, რომ პირველ პლანზე დავაყენოთ ქვეყნის ინტერესები და არა ჩვენი ვიწროპარტიული ინტერესები. პირველ რიგში, ეს უნდა ვაჩვენოთ ჩვენს მოქალაქეებს და პარტნიორებს“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.