როდესაც ნამდვილმა მეგობარმა დაინახა, რომ ხელისუფლება მზად არის, ქვეყანა იზოლაციაში მოაქციოს და რუსეთის პირისპირ დატოვოს, მოვიდა და გითხრა, ოღონდ შენ ეს ნაბიჯი არ გადადგა, მე ყველაფრისთვის მზად ვარ, - ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, მიხეილ დაუშვილი Politico-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს, თუ ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება.
„ახლა მთავარია, რომ რაღაც რაციონალურობა შემოვიდეს „ოცნების“ ქმედებებში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი უკან წაიღონ და ეს უზარმაზარი შესაძლებლობა ქვეყანას არ დააკარგვინონ. ამ შესაძლებლობებზე უარის თქმა ქვეყნის ინტერესების განადგურება იქნება, სხვა სახელი ამას არ ჰქვია. იმედია, რომ ამაზე მაინც უარს არ იტყვიან, ამდენი რაციონალურობა მაინც აქვთ დარჩენილი, რომ ამაზეც რაღაც სისულელე არ მოიგონონ და თავის ძველ ვერსიას არ „მიაწვნენ“. ვეტოს დაეთანხმებიან თუ თვითონვე გააუქმებენ ამ კანონს, ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა საერთოდ არ აქვს. რომელი ვერსიითაც უნდათ, იმით წავიდნენ. ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობა ჩვენი მოქალაქეებისთვის და თუ „ოცნება“ ამ შესაძლებლობაზე უარს იტყვის და დააკარგვინებს ჩვენს მოქალაქეებს, მაშინ უნდა გვითხრან, ამაზე პასუხისმგებლობას ვინ იღებს. ვინ ეტყვის მოქალაქეებს, რომ თქვენ ამ უზარმაზარ შესაძლებლობაზე უარი გათქმევინეთ?“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.