"ეკლესია არასოდეს უნდა იყოს ხელისუფლების მხარეს, ეკლესია ყოველთვის უნდა იყოს ხალხის მხარეს. ძალაუფლების მხარეს ყოფნა, არ არის ეკლესიის მოწოდება. ეკლესიის მოწოდება არის ის, რომ დაიცვას ის, ვისაც ძალაუფლება არა აქვს. მე ყოველთვის შევეცდები რომ ვიყო ყოველთვის, კარგი გაგებით, ხელისუფლების ოპოზიცია", - ამის შესახებ  ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბა ინწკირველმა ქადაგებისას განაცხადა.

"და მე ყოველთვის შევეცდები, რომ ვიყო ყოველთვის, კარგი გაგებით, ხელისუფლების ოპოზიცია და ყოველთვის ვთქვა სათქმელი, როდესაც ისინი თავის ძალაუფლებასა და ძალას გადააჭარბებენ და დავინახავ, რომ ისინი ხალხის მხარეს არ დგანან. 

ბევრი მინახავს, რომ კარგად მყოფობაში როცა არის, ფული რომ აქვს, სიმდიდრე რომ აქვს, ხალხი ეხვევა გარს, მაგრამ როგორც კი დაკარგავს სიმდიდრესა და ფულს, მინახავს, რომ მეგობრები აღარ მცნობენო, როცა გაჭირვება აქვს. 

ყველაფერი დაგვაკარგინეს, სპორტსმენები და ხელოვანები, რომლებიც ჩვენთვის საყვარელი ხალხია, გახადეს მხარე. როდესაც პოლიტიკოსი ხდები და თითებს უქნევ მას, ვინც გუშინ ტაშს გიკრავდა და შენი ოქროს მედლის გამო განგადიდებდ, არასწორია. იმითაც დაგვცინეს, რომ დღეს ფეხბურთელი პრეზიდენტი გვყავს. შერცხვებოდათ ჩვენს წინაპრებს და მათ შორის ჩვენს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას, რომ გვყავდა ეროვნული და არა დამონებული, ერთ ადამიანზე დამოკიდებული პირები. სირცხვილია ადამიანებო, სირცხვილი!

შენ იქნები ამერიკის, ევროპის, რუსეთის თუ ერთი ადამიანის მონა, მაინც მონა ხარ. მინდა ისეთი ქვეყანა გვქონდეს, სადაც თავისუფალი აზრის გამო არ დამიჭერენ, სამსახურიდან არ გამომაგდებენ, ასეთი ქვეყანა მინდა მქონდეს, რომელიც არ მაქვს და ჩვენ ასეთი ქვეყანა არ გვაქვს, არ გზა ჩანს"... - განაცხადა მეუფე საბამ.