ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი კლინიკა "ვივა მედში" მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად მივიდა, თუმცა ის პალატაში არ შეუშვეს. მიზეზად კლინიკამ კორონავირუსი დაასახელა.
როგორც მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მიხეილ სააკაშვილს PCR ტესტს გაუკეთებენ და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი მისი მონახულება.
მეუფე ნიკოლოზი ასევე გამოეხმაურა საზღვარგარეთ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის საკითხს და თქვა, რომ თუ მკურნალობა საქართველოში ვერ ხერხდება, მაშინ ის უცხოეთში უნდა გაგრძელდეს.
"ასეთი რაღაც მითხრეს, რომ კიდევ უნდა აუღონ ტესტი, PCR და იმის მიხედვით. მე მართალი გითხრათ, არ ვიცი, ეს რას ნიშნავს, იმიტომ რომ ავად რომ არის მაშინ უნდა ადამიანს ზიარებაც და გამოჯანმრთელებაც და მე მითუმეტეს, მზად ვიყავი შევსულიყავი. საზიარებლად ვიყავი მოსული და პირველი შემთხვევაა ჩემ პრაქტიკაში, 30 წელზე მეტია ამას ვაკეთებ და ჩემთვის არასდროს არავის უთქვამს უარი ავადმყოფის ზიარებაზე. მადლობა ღმერთს უშვებენ [გიული ალასანიას]. ადამიანს აქვს უფლება იცოცხლოს და თუ აქ, ამ ქვეყანაში არ ხერხდება, მისი მკურნალობა უცხოეთში უნდა გაგრძელდეს, ამაში დარწმუნებული ვარ", - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.