„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის, ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც სააკაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, შეიკრიბა კონსილიუმი, რომლის შემადგენლობაში სხვადასხვა სპეციალობის ექიმი იყო, მათ შორის სააკაშვილის მკურნალი ექიმი იყო.
მისივე თქმით, კონსილიუმმა შეათანხმა სააკაშვილის სამკურნალო გეგმა, რის მიხედვითაც მიმდინარეობს პაციენტის მკურნალობა.
„როგორც მოგეხსენებათ, პაციენტს გუშინ დაუდასტურდა კოვიდი. ვიანიდან იყო შესაბამისი სიმპტომატიკა, კლინიკური მონაცემები – აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა და სახსრების ტკივილი, ეჭვი იქნა მიტანილი კოვიდინფექციაზე. „პისიარ“ ტესტით დადასტურდა კოვიდი. შეიკრიბა ექიმთა კონსილიუმი სხვადასხვა სპეციალობის ექიმების შემადგენლობით. სააკაშვილის დაავადებიდან გამომდინარე, კონსილიუმში მონაწილეობდნენ ჰემატოლოგი, რეანიმატოლოგი, რა თქმა უნდა, მკურნალი ექიმი და ინფექციონისტი. შეთანხმებული იქნა გეგმა, როგორც სამკურნალო, ისე პრევენციული სახის და მიმდინარეობს მკურნალობა“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
მისი თქმით, სააკაშვილს კორონავირუსის მსუბუქი გამოვლენა აქვს და ეპიდემიოლოგიური სამსახური აქტიურად მუშაობს, რათა ინფიცირების წყარო დადგინდეს.
„სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია. კოვიდის მსუბუქი გამოვლენაა. დღეს ტემპერატურული რეაქცია არ აღენიშნება, არც გუშინ საღამოს. ჰემოდინამიკური და რესპირატორული მაჩვენებლები სტაბილურია. რაც შეეხება ინფიცირების წყაროს, როდესაც მსგავსი შემთხვევა ხდება, ჩვენი ეპიდემიოლოგიური სამსახური აქტიურადაა ჩართული. დგინდება კონტაქტები, ლაბორატორიულად გადამოწმებულია თანამშრომლების ძირითადი ნაწილი და კოვიდი არავის დადასტურებია. თანამშრომლების ნაწილი კი, ვინც გამოკვლეული არ ყოფილა, დღეს დილით გაიტესტება“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
მისივე თქმით, კონსილიუმის გადაწყვეტილებით, სააკაშვილი რჩება პალატაში, რადგან რეანიმაციაში გადაყვანის საჭიროება არ არის.
„მესმის ადვოკატების მოწოდებები რეანიმაციაში გადაყვანასთან დაკავშირებით, ამიტომ გავუსვი ხაზი, რომ კონსილიუმი შეიკრიბა. კონსილიუმის გადაწყვეტილებით, პაციენტი რჩება პალატაში და უგრძელდება მკურნალობა. პალატა აღჭურვილია ყველა აპარატურით, რაც ინტენსიურ პალატაშია. ეს ძალიან კარგად იცის ადვოკატმა, ყოველდღე დადიოდა. აქამდე ამბობდა, რომ საერთოდ არ გვქონდა რეანიმაცია, ახლა ამბობს, რეანიმაციაში გადაიყვანეთო. სად გადავიყვანოთ, თუ რეანიმაცია არ გვაქვს? ეს აღჭურვილობა იქ ყოველთვის იყო.
მკურნალ ექიმთან ერთად, ყველა ექიმი ვმონაწილეობდით კონსილიუმში და რეანიმაციაში გადაყვანის საკითხი არ დამდგარა“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.